სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე: როგორ შეიძლება, ხელისუფლება ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს, ეს მათი ხელწერაა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. კარგად გვესმის მათი მხრიდან ამ პანიკის დათესვის მიზეზი, დაძაბული ერთი კვირა გვექნება, ძალიან აბსურდულ პანიკის შემცველ ბრიფინგებს მოვისმენთ, მაგრამ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში მიხეილ სააკაშვილის დაკავშირებით ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ აბსურდულ განცხადებებს.

„როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს და ფიქრობდეს. ეს მათი ხელწერაა, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რაზე არიან წამსვლელები, რას გააკეთებდნენ, ისინი რომ ყოფილიყვნენ ჩვენს ადგილას, ასე ფიქრობენ და ალბათ ამას გააკეთებდნენ. ეს გაუკეთებიათ არაერთხელ, პირდაპირ ხოცავდნენ პატიმრებს ციხეებში, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ, მორგში ჩაჰყავდათ ცოცხალი პატიმრები და იქ აბამდნენ. ასეთი ხელწერის მქონე გვარამია, რომელიც პროკურორია და არავითარი საერთო აქვს არც მედიამენეჯერობასთან, ეს არის სააკაშვილის ხელწერა, მორიგი, ბინძური პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეეცდებიან, მთელი ეს კვირა მოსახლეობას აყურებინონ ამ კაცის შიმშილი და ამაზე ილაპარაკონ. არავინ უშლის ამ ადამიანს არც ჭამას, არაფერს. მით უმეტესს, მას აქვს სრული კომფორტი, ისევე, როგორც ყველა პატიმარს. ჩვენ არავის არაფერს ვუზღუდავთ, პირიქით, არავითარი საბაბი არ მიეცემათ მათ არასოდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. სრულად გამჭვირვალეა პროცესი, ექიმების მუდმივი 24-საათიანი კონტროლი გვაქვს დაწესებული, შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს არის მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.