პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა, თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის წერილშია ნათქვამი.

„მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობისა და აქტივობის პროცესს.

ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“, და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ.

მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იმავეს აპირებენ სამეგრელოში. მივესალმები „გირჩელი“ იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზო ორიკაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს, ვისაც აიძულეს ქართველი ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ რიკაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო, დრო არის ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არც ერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია.

რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც.

მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა, თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გააჟღერა.