პოლიტიკა
24-საათიანი ულტიმატუმი: დღეს საკაშისტები ლენინის მოედანზე მთელი საქართველოს შეკრებითა და რევოლუციის მოწყობით იმუქრებიან

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში, თუ ამას მაინც არ გააკეთებენ, 8 ნოემბერს 20:00 საათზე მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ხელისუფლება ძალადობას ასაღებს არჩევნებად, ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ასაღებს მართლმსაჯულებად, ხელისუფლება პოლიტიკურ პოლიციას გისაღებს ხალხზე მზრუნველ პოლიციად, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას ხელისუფლება გისაღებს დიეტად, კორუფციაში იხრჩობა ხელისუფლება, მოსახლეობა ღარიბდება.

დაგცინიან და გეუბნებიან, რომ არჩევნებს აღარ ჩაატარებენ არასოდეს, გეუბნებიან, რომ მუდმივად ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, არადა ვითარება, განწყობა საზოგადოებაში არის განსხვავებული. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც მოკალათებულია იქ, სადაც არ უნდა იყვნენ. მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ისინი არ არიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილნი. ეს არის ცხადზე უცხადესი და წერტილი უნდა დავუსვა, ამაზე საუბარი აღარ უნდა შედგეს. ახლა რას ვაკეთებთ – დღეს რაც იკადრა დამატებით ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კალაძემ, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა. გაცხადებული მკვლელობა. ესეც ცხადზე უცხადესია. ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის მიიტანა საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიხეილ სააკაშვილმა და რისთვის ვიბრძვით ჩვენ. ვიბრძვით იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო უკან დავიბრუნოთ და აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ ვიდრე ამას გავაკეთებთ და ძალიან მალე გავაკეთებთ, მე ქალაქ-ქალაქ ვიარე, განგებ ვდებდი ფიცს, რომ ბევრათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად აუცილებლად გამარჯვებულები შევალთ სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლებში შესვლა აღარ იქნება. დასრულებულია, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი.

24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, თუ საღი აზრის რამე მარცვალი კიდევ შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები, მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას და ამას გააგრძელებენ, 8 ნოემბერს, ორშაბათს, 20:00 საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის და ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ იცით რა, ბრძოლას აზრი არ აქვს. იცით რა, შეკრება-დაშლა, შეკრება-დაშლა, ყველანაირი მშვიდობიანი, მტკიცე გზით ჩვენ ვაღიარებთ ბოლომდე ბრძოლას. მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს. ვინც ვერ ხვდება, რომ ჩვენ ვართ ისტორიული პროცესის თანამონაწილეები, ასეთი ადამიანების ნამდვილად არ მშურს და მეტიც, ვინც იმას ვერ ხვდება, რომ ჩვენ ისტორიული პროცესის ავტორები ვართ, თითოეული ჩვენგანი დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, მე ვფიქრობ, ეს მსჯელობის საგანი აღარ უნდა იყოს. დიდი გამარჯვება, დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის გარეშე არ მოდის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.