პუბლიკაციები
ლომჯარიას მაგალითი აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება ნაცმოძრაობისთვის არც ერთი თანამდებობის მიცემა სახელმწიფოში! - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მორიგი ბრალდებები გააჟღერა და განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ერთი და იგივე დღის წესრიგი“ აქვთ.

ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ლომჯარიაც და ნაციონალური მოძრაობაც „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“ ითხოვენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას „იმ რადიკალური გეგმების აღსრულებისთვის, რომელიც გუშინაც ვიხილეთ“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მხედველობაში ჰქონდა 8 ნოემბერს, საღამოს თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მობილიზაცია სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს ნაცვლად სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ექს-პრეზიდენტის პატიმრობიდან ძალადობრივად გათავისუფლებისკენ უბიძგებს.

ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის ამ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული შიმშილობს, გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ თავად ექს-პრეზიდენტი, მისი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი ამის წინააღმდეგნი იყვნენ.

მანამდე, გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მოთავსება პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას“.