პოლიტიკა
საგარეო უწყება დეზინფორმაციას უწოდებს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბელარუსის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცედურების დაწყებაზე

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების პროცედურების დაწყების შესახებ და მას დეზინფორმაცის უწოდებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და უარყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა.

შეგახსენებთ, რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბელარუსის ხელისულება უახლოეს მომავალში გეგმავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ბელარუსის პარლამენტშია შეტანილი.