პოლიტიკა
საპროტესტო აქცია - მეორე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №2, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 22 მაისი, თბილისი

akcia_tel12:00   საზოგადოებრივ მაუწყებელთან “სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება. შეკრებილთ სიტყვით „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა, რომელმაც კრების აქტივისტები სპეცრაზმის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. როგორც მან აღნიშნა, შეშინებული ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს, რომ დღეს, 14:00 საათზე, დაგეგმილი მიტინგი არ გაიმართოს. ბურჯანაძე მოუწოდებს ხალხს, რომ სპეცრაზმის თავდასხმის შემთხვევაში, ყველანი ერთი მიმართულებით არ გაიქცნენ. „ყველამ თქვენი მიმართულება გაამაგრეთ, რადგან დაღმართში უფრო ადვილია თავდამსხმელთათვის შეტევის განხორციელება, ვიდრე აღმართში. ასე რომ, ორივე მხარე აკონტროლეთ“, – მიმართა აქტივისტებს ბურჯანაძემ.

ამასთან, მან ტელევიზიისა და პოლიციის შენობებს შორის მობილიზებულ სპეცრაზმის წარმომადგენლებსაც მიმართა და საკუთარი ხალხის გვერდით დადგომისკენ მოუწოდა.

„განა რა დავალება გაქვთ ასეთი მიღებული, რომ არ აძლევთ ხალხს საშუალებას, იბრძოლონ საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისათვის, იმისათვის, რომ ხვალ თქვენი შვილებიც არ აღმოჩდნენ იმ ნარკოტიკით ჯიბეში, რომელიც მათ არ ეკუთვნით“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კოსტავას გამზირზე ნინო ბურჯანაძის მეუღლე და უფროსი ვაჟიც გამოჩნდნენ. ბადრი ბიწაძე დროშის ტარებით აღჭურვილ რამდენიმე პირთან ერთად გმირთა მოედნის მხარეს მდებარე პერიმეტრს აკონტროლებს.