პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეორე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №6, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 22 მაისი, თბილისი

akcia_tel317:30. „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ლიდერების გამოსვლები განახლდა. რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ საპროტესტო კერა, რომელიც, „კრების“ თავმჯდომარის – ნონა გაფრინდაშვილის, განცხადებით, ხელისუფლებას ნერვებს უშლის, შენარჩუნდება და დღეს, მთელი ღამის განმავლობაში, ლიდერები, აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქნებიან შეკრებილი. გაფრინდაშვილის თქმით, მთელი საღამოს განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობას სწორედ აქციის სცენიდან განახორციელებს და დედაქალაქისა და რამდენიმე რეგიონის მცხოვრებთ აქციისთვის თვალყურის დევნება შეეძლებათ.

ამის შემდეგ შეკრებილთ სიტყვით პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ აქციას „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობაც“ შეუერთდა და ის, „სახალხო კრება“ და „ქართული პარტია“ კოორდინირებულ მოქმედებებზე გადადიან.

ამასთან, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აქციასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს გადიან. „კარი ღიაა ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც ხალხთან ერთად დგომა და არსებული რეჟიმის შეცვლა სურს!“ – დასძინა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, აქციის ლიდერებმა მოსახლეობას ხვალ, 15:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ, მიუხედავად მხარდამჭერების სიმცირისა, რაც პოლიტიკური ტერორითაა გამოწვეული, არცერთი ნაბიჯით უკანდახევას არ აპირებენ.