პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მესამე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №1, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 23 მაისი, თბილისი

akcia_tel1209:30. ვიდრე აქციის მესამე დღეზე საუბარს დავიწყებდეთ, გვსურს, საქინფორმის მკითხველის ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მივაპყროთ, რომლებიც დღეს დილიდან ძალზე აქტუალურია. რა ხდებოდა გუშინ საპროტესტო აქციაზე? ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის იყო, რომ პროტესტს „ქართული პარტია“ და „წინააღმდეგობის მოძრაობა“ შეუერთდნენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 25 მაისს თბილისში თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ძირითადად, რაც უკვე დღეს საზოგადოებას აინტერესებს, ისაა, იქნება თუ არა დარბევა, პროვოკაციები, რაც, ალბათ, ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

პროვოკაციების შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ აქციის ორგანიზატორებს ეს ხალხის ნაკლებობის გადასაფარავად დასჭირდეთ, თუმცა ამ ყველაფერს ხელისუფლების უკანონო ქმედებების იერი მიეცემა. მომიტინგეთა რაოდენობა კი აქციაზე დღითიდღე მცირდება, რასაც არც ოპოზიციონერი ლიდერები უარყოფენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალზე აქტუალურია და რომელსაც უკვე გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციური პარტია – რა მოხდება 26 მაისს? – ხელისუფლება სამხედრო აღლუმს ჩაატარებს, თუ გარკვეულ დათმობებზე წავა? ამ ყველაფრის უკან კი სახალხო კრების მთავარი ამოცანა დგას, რაც დროის გაწელვაში გამოიხატება – აქციის ორგანიზატორები ცდილობენ, საპროტესტო კერა როგორმე 25 მაისამდე – ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე შეინარჩუნონ.

ახლა, რაც შეეხება ვითარებას აქციაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული მიტინგი გრძელდება. ადგილზე ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით მედიის წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარ მცირე ინციდენტს. რამდენიმე ტელეკომპანიის, კერძოდ, „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რეალ ტვ“-სა და „I TV“-ის ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა პროვოკატორები და შსს-ის ოფიცრები უწოდეს და მომიტინგეებს მათთან კონტაქტი აუკრძალეს. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, „შესაძლოა, აქციაზე მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტების დაშვება მოხდეს, თუ ამ საკითხს სხვა ლიდერებთან შეათანხმებს და აქციას მხოლოდ ობიექტური მედიასაშუალებების წარმომადგენლები გააშუქებენ“.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი ლიდერების საპროტესტო აქციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დღეს ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდიან. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის უკვე შეხვდა საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე აქციებისა და იმ ინციდენტების შესახებ, რაც ამ ორი დღის განმავლობაში მოხდა. მისივე თქმით, თბილისში ჩამოდიან ევროკავშირის ელჩები, რომლებთანაც „სახალხო კრებისა“ და „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან გეგმების, პროტესტის მიზეზებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.