პოლიტიკა
ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს გეგმავს

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა.

დონფრიდის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით რიგაში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე და 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, მთიანი ყარბაღის კონფლიქტის და ბელარუსში არსებული კრიზისის შესახებ საუბარს გეგმავს. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრა რიგაში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე გაიმართება.

გარდა ამისა, დონფრიდის განცხადებით, მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა შესაძლო ქმედება იქნება განხილული და ნატო-ს წევრების გადასაწყვეტი იქნება, რა სახის ნაბიჯების გადადგმა სურს ალიანსს რუსეთთან მიმართებით.