აქტუალური
პროფკავშირები ტყიბულში, კერძო შახტში ქვანახშირის ფენა ჩამოშლის ფაქტზე, რომელმაც ორი ადამიანი მოიყოლა, განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 27 ნოემბერს, ტყიბულში, კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტში, ქვანახშირის ფენა ჩამოშლის ფაქტზე, რომელმაც ორი ადამიანი მოიყოლა, განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს აღნიშნული პირები.

„მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ტყიბულში, კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა. დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე შუალედში, მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მეშახტეების ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა რომ ობიექტზე უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. 50 წლამდე ასაკის ა. ა. და 65 წლამდე ასაკის ვ. ტ. ჩამოშლილი მადნის ქვეშ იყვნენ მოყოლილები და მათი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველების თქმით, მათ დაძახილს მხოლოდ ვ. ტ. პასუხობდა. 2019 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მკაცრად გააპროტესტა შპს ,,საქნახშირი“-ს ოპერირების ქვეშ მყოფი ტყიბულის შახტებზე მომხდარი ხშირი უბედური შემთხვევები და მთავრობას რეაგირება მოსთხოვა, შესაბამისმა ორგანოებმა ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებსაც აუკრძალა მადნის მოპოვება, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი... გამოძიებამ უნდა დაადგინოს - ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს ა. ა. და ვ. ტ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პრობლემას ორი საფუძველი აქვს: 1. ქვეყანაში არსებული შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების იმპლემენტირება ვერ ხდება ქვეყნის ყველა რეგიონში და... ასევე, არ ვრცელდება ისინი ყველა კომპანიაზე თანაბრად. 2. ყოველივე ზემოთაღნიშნულს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენონ შემოსავლის მიღების სანაცვლოდ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების იმპლემენტირება და აღსრულება თანაბრად ყველა რეგიონისა თუ კომპანიისთვის, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, შესაბამისად მოუწოდებს მას, რომ რეგულაციების მიერ შრომითი სფეროს სრული დაფარვის მიზნით, განხორციელდეს მათი აღსრულების ეფექტური მართვა, დამრღვევი ორგანიზაციების მიმართ შემწყნარებლობის სრული გამორიცხვით. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს, რადგან იგი მიერთებულია პარიზის შეთანხმებას სითბური აირების ეტაპობრივ შემცირებასთან დაკავშირებით და აღებული აქვს ვალდებულებები ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად სინქრონში იმოქმედოს პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევისთვის, ადრე თუ გვიან ნახშირის მოპოვების მინიმუმამდე დაყვანა და ბოლოს უარის თქმა მაინც მოუწევს, შესაბამისად მოუწოდებს, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ალტერნატიული დასაქმების პროგრამების შემუშავება გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად და შესაბამისი პროექტები მომზადდეს შემჭიდროებულ ვადებში“, - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.