პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები გახდნენ

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო და უკრაინა ნატოს ხანგრძლივი და ახლო პარტნიორები არიან, რომლებმაც ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში წვლილი შეიტანეს და ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ერთგული რჩება.

მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ვიცავთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენი მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ და უკრაინამ რეფორმების განხორციელების პროცესი განაგრძონ.

ჩვენ უკვე ვაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს დაიცვან თავიანთი თავი ერთობლივი წვრთნებით, საზღვაო მხარდაჭერის უზრუნველყოფითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების განხორციელების კუთხით წინსვლის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაციის გაგრძელების მნიშვნელობა. ეს რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები და მტკიცე გახდნენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.