საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. 2018 წლის 22 თებერვალს, 00 საათსა და 30 წუთზე ქართულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოაქვეყნა თავისი მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით - სასწრაფოდ გაეწვიათ საქართველოდან აშშ-ის ელჩი იან კელი და დამსახურებულ პენსიაზე გაეშვათ. ერთი დღით ადრე - 21 თებერვალს წერილი ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის სახელზე.
წერილში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების მონური მორჩილების პირობებში ყველაფრის ნებადართულობის მიზეზით ელჩმა კელიმ საბოლოოდ დაკარგა დიპლომატის კვალიფიკაცია, რითაც საქართველოში აშშ-ის იმიჯს ზიანს აყენებს. დასამტკიცებლად მხოლოდ ბოლო ფაქტი იყო მოხმობილი - როდესაც 20 თებერვალს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების ციკლის გახსნაზე ელჩმა კელიმ თავს უფლება მისცა, ჟურნალისტების თანდასწრებით დაეტუქსა ქართველი სახელმწიფო მოხელეები და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც კი ცუდი - არაგუნდური მუშაობისთვის, რის გამოც საქართველომ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს. როგორც იან კელიმ განაცხადა, მათი ბრალია, რომ ქართველ ხალხს დღემდე არ ესმის თავისი სარგებელი - რატომ უნდა შეუერთდეს დასავლეთის და არა ჩრდილოეთის საზოგადოებას, ნატოს და ევროკავშირს, და არა რუსეთს. თუკი თქვენ ახლავე არ აუხსნით თქვენს ხალხს - რატომ ეწინააღმდეგება რუსებთან მეგობრობა მათ ინტერესებს და თუ ხალხი არ დაგიჯერებთ, მაშინ რუსეთი ისევ მოისყიდის გამყიდველ ქართველ საზოგადოებას და საქართველო ისევ მოაწერს ხელს გეორგიევსკის ტრაქტატს! ამ მიზნით „ქართულმა ოქნებამ“ უარი უნდა თქვას ერთპარტიულ დიქტატურაზე და საპარლამენტო ოპოზიციასთან - სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობასთან“ და მის ფილიალ „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანდეს, რათა ისინი „ერთი ხმა, ერთი მესიჯი, ერთი გუნდი“ იყვნენო!
საქინფორმის წერილის წყალობით სახელმწიფო დეპარტამენტში ელჩი კელის აღმაშფოთებლად უწესო საქციელის შესახებ შეიტყვეს, რომელიც არა მარტო მისი დიპლომატიური კარიერის დასასრული გახდა, არამედ მისი, როგორც დიპლომატის საფარქვეშ მომუშავე CIA-ს მზვერავის, ჩავარდნაც, რაშიც ის ცოტა ხნის წინ ამხილა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა (იხ. „ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში“, აგრეთვე „საქართველოში რუსეთი აირჩიეს - NDI-ს კვლევაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივით №66-6G პასუხობს“).
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაითვალისწინა საქინფორმის მთავარი რედაქტორის თხოვნა - არ დაესაჯათ კელი, არამედ, უბრალოდ, დამსახურებულ პენსიაზე გაეშვათ: 2018 წლის 22 თებერვალს, აშშ-ის სახდეპში საქინფორმის წერილიდან მეორე დღეს, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაიწვიეს და პენსიაზე გაუშვეს!
იმავე დღეს, 22 თებერვალს, მისი საქციელით აღშფოთებული ქართველი საზოგადოების (იხ. კომენტარები სოციალურ ქსელებში) დასაშოშმინებლად და საქართველოში ტოტალური ანტიამერიკანიზმის კიდევ უფრო გაზრდის თავიდან ასაცილებლად, ელჩი კელი გამოსათხოვარი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც განაცხადა, რომ თავის 33-წლიან დიპლომატიურ კარიერაში წერტილის დასმა გადაწყვიტა და მარტში საქართველოს დატოვებს, რაც „ძალზე გულდასაწყვეტია“ მისთვის (გამოსვლის ინგლისური ორიგინალი და ქართული თარგმანი, აგრეთვე ვიდეოჩანაწერი იხ. საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე ფეისბუქში). რუსული ენის სპეციალისტი იან კელი პროფესიას დაუბრუნდება, რომლითაც ირჩენდა თავს სახელმწიფო დეპარტამენტსა და CIA-ში სამსახურამდე - ის ჩიკაგოში გაემგზავრება და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში (Northwestern University) რუსულ ენაში ლექციებს წაიკითხავს, დიპლომატ-მზვერავად მუშაობის დაწყებამდე ხომ კელი რუსულ ენას კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა.
(თუ იან კელისთვის საქართველოსთან განშორება მართლაც „ძალზე გულდასაწყვეტია“, საქინფორმს შეუძლია, თბილისის ნებისმიერ სკოლაში რუსული ენის პედაგოგად მოაწყოს - როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების სამინისტრომ, საქინფორმის ჩარევის შემდეგ, რუსული ენის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლა სასკოლო პროგრამაში დატოვა).
დათხოვნით „ძალზე გულდაწყვეტილი“ ელჩი კელი თავის გამოსათხოვარ სიტყვაში თავიდან ბოლომდე „გაიყიდა“: მან ერთგული მეგობრებისგან აუდიტორია შეკრიბა - სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის ლიდერები და მოქმედი თავდაცვის მინისტრი მოადგილეებით - და პარლამენტი, მთავრობა და საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა დიქტატურის რეჟიმის შექმნაში, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობაში, ოპოზიციის და მედიის დაშინებაში, „ჯიბის“ სასამართლო სისტემაში, უვარგის, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო კონსტიტუციაში, არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოში და არაჰარმონიულ საარჩევნო კანონმდებლობაში, ქმედუუნარო პარლამენტში, რომელსაც ბიუროკრატიული მთავრობის და სუს-ის თვითნებობის გაკონტროლება არ ძალუძს.
იან კელი აკრიტიკებდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ორწლინახევრის განმავლობაში სულს უბერავდა და ბრმად ასრულებდა მის ყველა ახირებასა და ბრძანებას, უდრტვინველად ითმენდა მის დაცინვას და სახელმწიფოს მართვაში ჩარევას, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს სრულ კონტროლს! საქართველოში იან კელი, ასევე, ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციების უზარმაზარ არმის - ე.წ. სამოქალაქო სექტორს, აკონტროლებდა თითქმის ყველა ტელეარხის, ბეჭდური და ინტერნეტგამოცემის სარედაქციო პოლიტიკას, თითქმის მთელ ოპოზიციას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ნაწილსაც კი - აშშ-დან ყველა გრანტი ვაშინგტონსა და ლენგლიში მისი პატაკების საფუძველზე ნაწილდებოდა!
„მიუხედავად იმისა, რომ საქინფორმმა იან კელის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო აშშ-ის ელჩი უწოდა, ჩვენ, ქართველები, ევროპელები კი არა, მიმტევებელი და სტუმართმოყვარე კავკასიელები ვართ, ამიტომ ვპატიობთ კელის მთელ იმ ზიანს, რაც დიპლომატობის ლეგენდით მზვერავად მუშაობისას საქართველოს მიაყენა. უბრალოდ, ქართველ ხალხს აღარ სურს აშშ-ის ელჩების ნარატივის ყლაპვა, რომელსაც პირში გვჩრიან!“, - აცხადებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, პირადად სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს მის წერილზე ესოდენ ოპერატიული რეაგირებისთვის.
საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 26 თებერვალი
საქართველო, თბილისი
ცნობისთვის: საქართველოში იან კელის მუშაობის სამწლიანი ვადა მხოლოდ 2018 წლის სექტემბერში იწურებოდა. რომ არა საქინფორმის ჩივილი, ის ა.წ. 17 სექტემბრამდე აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დარჩებოდა. იან კელის საქართველოდან გამგზავრების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ახალი ელჩის დანიშვნამდე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუთი უხელმძღვანელებს.