პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები: საქართველოში შექმნილია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობას

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) 2021 წლის 8-10 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოხატეს თავიანთი სერიოზული შეშფოთება ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო, რომელიც წყვეტს და გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხსენებლების შეფასებით, ეს ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც მათივე თქმით, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის წლების განმავლობაში მიღწეულ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს.

მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და შესაბამისად, მოუწოდეს მათ, განსაკუთრებით ორ უმსხვილეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დააყენონ ქვეყნის საერთო ინტერესები ვიწრო პოლიტიკურ-პარტიული სტრატეგიის სანაცვლოდ.

მომხსენებლების თქმით, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, როგორც ისინი შიშობდნენ, იყო დე-ფაქტო პლებისციტი მმართველი უმრავლესობისთვის და ამან გამოიწვია არასასიამოვნო და საკამათო საარჩევნო გარემო.

აქვე ისინი მიესალმნენ საარჩევნო კოდექსის კონსენსუალური რეფორმის შედეგად საარჩევნო საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, რამაც საარჩევნო პროცესის ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა. ამავდროულად მათ გამოთქვეს შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევების გამო. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს ყველა ბრალდება და ინფორმაცია საარჩევნო გადაცდომის თაობაზე.

მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა. ამ კუთხით მიღწეული პროგრესის აღიარების ფონზე, მომხსენებლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ჩაატაროს მესამე და მეოთხე ტალღის ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო შეთანხმებული. ასეთი ყოვლისმომცველი შეფასება, რომელიც დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად, უნდა გამოავლინოს წარმატების სფეროები, ასევე არსებული ხარვეზები და წარმართოს მომავალი რეფორმები. მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ასეთ დამოუკიდებელ შეფასებაში.

ამ მხრივ მომხსენებლებმა ღრმა სინანული გამოთქვეს, რომ პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხსენებლებისთვის ეს ასევე ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

მომხსენებლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს უმცირესობებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე. ამასთან დაკავშირებით ისინი მიესალმნენ, რომ ეროვნული უმცირესობებისა და ანტიდისკრიმინაციული საკითხების სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამავდროულად, მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს მრჩეველთა კომიტეტის მიერ გამოთქმული აუცილებლობა უმცირესობების, ისევე როგორც უმცირესობების ენებზე განათლების ხარისხის შემდგომი გაძლიერების შესახებ და მოუწოდეს ხელისუფლებას ამის განხორციელება იყოს პრიორიტეტული.

განცხადების თანახმად, „ლგბტი“ თემებთან დაკავშირებით მომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება „ლგბტი“ თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო. ამ კონტექსტში მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა გეი აღლუმის კვირეულზე 2021 წლის ივლისში. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებთან და მათ მოზიდულ ძალებთან მიმართებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები ასამბლეას 2022 წლის პირველ ნახევარში წარუდგენენ თავიანთ ანგარიშს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.