პოლიტიკა
კელი დეგნანი: სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა ყველამხრივ მხარდაჭერილი უნდა იყოს, რათა შეთანხმების მიღწევა მოხდეს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.

კელი დეგნანი ყველა მხარეს მოუწოდებს, პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

საქართველოსთვის ამ რთულ დროს, რაც საზოგადოების დაყოფის შეჩერებას გულისხმობს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი ძალისხმევა მხარდაჭერილი უნდა იქნას ყველამხრივ, რათა მოხდეს შეთანხმების მიღწევა საქართველოს წინსვლისთვის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ დროს, როცა სტაბილურობა, უსაფრთხოება ასეთი საჭიროა. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. როგორც ვიცი, ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ყველანი საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან. მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა, რათა შეაჩერონ საზოგადოების დაყოფის პროცესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსენსუსს ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს.

ვფიქრობ და ყველა ვხვდებით, რომ ეს პროცესი ერთ და ორ დღეში არ დასრულდება. პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს კონსენსუსს და საქართველოს მოსახლეობის ერთიანობას მათი საერთო მომავლისთვის“, – აღნიშნა დეგნანმა.