სამართალი
კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე: ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს პროცესი

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭირვალე კონსულტაციის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან დიალოგისთვის. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების უფლებების დაცვაში. მისი მოვალეობა ასევე არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესწავლა, ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო.

შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, გამჭირვალობის გარეშე.

ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აგვიხსნა, მისმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სამსახურის ფუნქციონირება", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ყველაზე რთული ასახსნელი არის ის, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამჟამად დასაქმებული პირები სამსახურიდან თავისუფლდებიან.

ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს რამდენიმე წელია ისე, რომ პარლამენტისგან არ გამოუწვევიათ არანაირი პრეტენზია ან კითხვები. როდესაც სამსახური წარადგენდა მოხსენებებს საკუთარი ყოველწლიური საქმიანობის შესახებ, პარლამენტს არ ჰქონია არანაირი პრეტენზია, ან კითხვები. ასე რომ, რთული ასახსნელია, რატომ არის საჭირო ყველა კვალიფიციური თანამშრომლის გათავისუფლება იმ სამსახურის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი უწყებაა.

ასე რომ, უცნაური პროცესია ამ საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარება, როდესაც არ არის მისი დაჩქარების საჭიროება, კონსულტაციების არ არსებობა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. პარლამენტის მიმართ თხოვნა იქნება, დააპაუზოს პროცესი, შეანელოს პროცესი, არ არის მიმდინარე კვირაში მისი დაჩქარების საჭიროება.

ამ პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს შესაბამისი ინკლუზიური, გამჭირვალე კონსულტაციების გზით დაინტერესებულ მხარეებთან და განავითაროს მიდგომა, რომელიც ნამდვილად, რეალურად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და ძლიერი თხოვნა“, - განაცხადა ელჩმა.