პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული თანხმობის იდეაზე: თუ ვინმეს მოუნდება რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა, გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. მე ვფიქრობ, ეს რთული გასაკეთებელია. ძალიან ბევრი მეუფის, სასულიერო პირის განცხადება მოვისმინე და სრულად ვიზიარებ, რომ თუ ადამიანი არ მოინანიებს და ჯერ ერთი, არ აღიარებს თავის დანაშაულს, თუ არ დავარქმევთ სახელს ყველაფერს და თუ არ გეტყვის ადამიანი, რომ კი, ასეა ნამდვილად, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია და უბრალოდ რთულად მესახება ეს ყოველივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რა თქმა უნდა, მომხრეა, ქვეყანაში არ იყოს პოლარიზება.

პოლარიზაციის დონე არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს ინტერესებში არ შედის, თუმცა ვისგან მომდინარეობს - ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ, პასუხი ძალიან მარტივია - ეს არ მომდინარეობს არამც და არამც ჩვენგან, ეს მოდის ამ დესტრუქციული ძალისგან.

ასე რომ, ყველას გაეცემა სათანადო პასუხი. ყველას გავცემთ და მივუჩენთ სათანადო ადგილს. თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე უარის თქმა, რევანშზე უარის თქმა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გაგვიხარდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთულად მესახება ეს პროცესი, იმიტომ, რომ ვუყურებ რა ამ ადამიანის ქმედებებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს რთული გასაკეთებელი იქნება, თუმცა გამიხარდებოდა. წარმატებებს ვუსურვებ ამ იდეის ავტორს და ინიციატორს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.