საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ძალიან ბევრი დასახელება წამლის, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება ღირდეს 1-2 ლარი და ეს არის წამლები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს პასუხი დღეს კითხვაზე, რატომ არის შეზღუდული მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან, სადაც ფარმაცევტული ინდუსტრია მაღალ დონეზე განვითარებულია.

თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. ეს ერთი მაგალითი ვთქვი. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები. ეს მაგალითისთვის გითხარით. ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი და მე ახალს არაფერს ვაკეთებ. თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის პირველი - ხალხი, მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა და შემდეგ - დანარჩენი სხვა. ეს გზა გაიარა ევროპამ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, შესაბამისად რაც არის აპრობირებული, გამოცდილი და დადასტურებული ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ახალი ველოსიპედის გამოგონებას ჩვენ აქ არ ვაპირებთ“, - განაცხადა პრემიერმა.