უცხოეთი
ანდრეი რუდენკო - საქართველოში ნატო-ს თავდასხმითი სისტემის განთავსება რუსეთს და მის მოკავშირეებს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ნატო-ს თავდასხმითი სისტემის განთავსება რუსეთის ფედერაციას და მის მოკავშირეებს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის და ეს მოსკოვისთვის წითელი ხაზია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე თავდასხმითი სისტემების განთავსება ჩვენთვის „წითელი ხაზებია“, ვინაიდან ასეთი ქმედებები რადიკალურად შეცვლის ძალთა სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას რეგიონში“, – აღნიშნა რუდენკომ.

რუსმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მიერ ურთიერთობების შეწყვეტის მიუხედავად, მოსკოვი მხარს უჭერს საქართველოსთან მშვიდობიან თანაარსებობას და თანაბარ თანამშრომლობას.

1tv.ge