აქტუალური
გერმანიის ელჩი: რატომ განიხილება პროექტი დაჩქარებული წესით, ინსპექტორის სამსახური სამთავრობო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს სამთავრობო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია და კარგია, როცა ინსტიტუციურ საკითხებში ცვლილებები დეტალური განხილვის შემდეგ მიიღება. აღნიშნულით ელჩი იმ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

მიძნელდება იმის გაგება, თუ რატომ განიხილება ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს სამთავრობო სისტემის საჭირო და მნიშვნელოვანი ელემენტია. კარგია, როდესაც ინსტიტუციურ საკითხებში ცვლილებები ყოველთვის მხოლოდ ღრმა განხილვის შემდეგ მიიღება და მხოლოდ იმდენი ცვლილება ხორციელდება, რამდენიც საჭიროა“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.