პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეხუთე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №1, 2011 წლის 25 მაისი, თბილისი

akcia_tel1711:00. კოსტავას გამზირზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქციის ღამემ მშვიდად ჩაიარა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. აქციის მონაწილეთა რიცხვმა დილიდან ნელ-ნელა იმატა, თუმცა ჯერჯერობით რამდენიმე ათეულს არ აღემატება. აქციაზე იმყოფებიან „კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ბათიაშვილი და ნინო ბურჯანაძე.

როგორც ბათიაშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრება 12:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ისინი, დაახლოებით, 13:00 საათისთვის თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად დღეს დილიდან გაუგებრობას აქვს ადგილი ხვალისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმის გენერალურ რეპეტიციასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, დღეს რუსთაველის გამზირზე აღლუმის გენერალური რეპეტიცია უნდა გაიმართოს, რის გამოც როგორც ცენტრალური, ისე სხვა ქუჩებიც გადაიკეტება.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე კი აცხადებს, რომ დღეს არანაირი რეპეტიცია არ გაიმართება და არც ქუჩები გადაიკეტება. „გარეთ არანაირი რეპეტიცია არ იქნება. ხვალ გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი“, – განუცხადა საქინფორმს მახარაძემ.