პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეხუთე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №2, 2011 წლის 25 მაისი, თბილისი

akcia_tel1812:30. საზოგადოებრივ მაუწყებელთან „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია განახლდა. პროტესტის ადგილზე დაახლოებით 200-მდე ადამიანია შეკრებილი, რომელთაც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ და განაცხადა, რომ „სახალხო კრება“ ბრძოლას გამარჯვებამდე აპირებს.

ამასთან, ბურჯანაძემ აქციის მთავარი „ჰიმნის“, იტალიელ პარტიზანთა სიმღერა „ბელა, ჩაოს“ მნიშვნელობა განმარტა, რომელიც გუშინ ხელისუფლების სახუმარო თემაც კი გახდა. უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გუშინ განაცხადა, რომ „ბელა, ჩაოს“ მალე „ნინო, ჩაო“ ჩაანაცვლებს“. წიკლაურის განცხადებას ბურჯანაძემ ასე უპასუხა: „ჩაო“ მხოლოდ დამშვიდობებას არ ნიშნავს. „ჩაო“ იტალიურად „გამარჯობაც“ არის, „ბელა“ კი – „ბრძოლა“. ასე რომ „ბელა, ჩაო“ ნიშნავს ბრძოლას გამარჯვებამდე“.

გარდა ამისა, ბურჯანაძემ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა ოპოზიციურ სპექტრთან დაკავშირებით, რომელიც, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, „ხალხის გვერდით არ დადგა და ბოლო დღეებში განხორციელებულ იმ მასობრივ დაკავებებზე ხმა არ აიმაღლა“.

ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს აქტიურობისა და 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ.

აღსანიშნავია, რომ „სახალხო კრების“ მსვლელობას ხელისუფლება მოუმზადებელი არ ხვდება – რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩებზე სპეცრაზმის წარმომადგენლები არიან განლაგებული.