საზოგადოება
ხატია დეკანოიძე: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დაუბრუნდება, თუ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ამის შესახებ დეკანოიძემ ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტში მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

რამდენიმე კვირის წინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი. მაშინაც გავახმოვანე, კარგი იქნებოდა ამ კომისიის შექმნა პარლამენტში. ახლა მესმის მისი დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას. ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყოს ბოლომდე გამოძიებული სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. ამიტომ, საგამოძიებო კომისიას მიენიჭებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მქონდა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ამაზე საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლოა, მოხდეს ამ კომისიით, რა თქმა უნდა ჩვენ შევალთ პარლამენტში, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა. აუცილებელია, შეიქმნას პოლიტიკური დოკუმენტი და ეს არის ჩემი მყარი მყარი პოზიციაც, რომელიც ჩაანაცვლებს „ქართული ოცნების“ მიერ გაუქმებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, – განაცხადა დეკანოიძემ.