პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების წინ ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომამდე განაცხადა. უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა პოზიტიური სიგნალი უწოდა რუსეთის თანხმობას, ჩაატაროს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებებს, თუმცა ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთებებიც. ეს უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიესალმება დასავლეთსა და რუსეთში შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრებს, თუმცა მისი თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ეს შეხვედრები გადაწყვეტს ყველა საკითხს.

რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ შევთანხმდეთ წინსვლის გზაზე, შევძლებთ შევთანხმდეთ შეხვედრების სერიაზე, შევთანხმდებით პროცესზე. არარეალისტურია მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ყველა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრობლემები მოგვარდება. თუმცა, მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარეს აქვს რეალური სურვილი, მათ შორის რუსეთის მხარეს. ნატო-მხრიდან ეს არის, ჩაერთოს პროცესში, რომელსაც შეუძლია, თავიდან აიცილოს ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტი“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

ჩვენ დავადასტურეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაუახლოვდეს ნატო-წევრობას რეფორმების განხორციელებით, ნატო-სტანდარტების დაკმაყოფილებით. ჩვენ ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ არასდროს წავალთ კომპრომისზე არც ერთი ევროპული სახელმწიფოს უფლებასთან დაკავშირებით, თავად აირჩიოს თავისი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების რომელი მექანიზმების ნაწილი სურს, რომ იყოს. შესაბამისად, ფუნდამენტურია, ეს პრინციპი არ დაირღვეს, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინისა და ნატო-ს 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის. სხვა არავის აქვს უფლება, თქვას რამე ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

თავის მხრივ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა პრინციპის მნიშვნელობას – „არანაირი მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. მან ასევე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

უსაფრთხოების გარანტიებზე დისკუსიები უნდა დაიწყოს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანით. დღეს რუსეთი ითხოვს უპირობო დანებებას დემოკრატული ქვეყნების ფუნქციონირებისა და ნატო-პრინციპების ძირის გამოთხრას“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინმა.

დღეს ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს გაგრძელდება, რა დროსაც ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. 13 იანვარს კი ვენაში მოლაპარაკებები ეუთო-ს ფარგლებში გაიმართება.