პოლიტიკა
მეხუთე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №5 საპროტესტო აქციიდან პარლამენტის შენობასთან, 25 მაისი, 2011 წელი, თბილისი

akcia_tel2117.30. საპროტესტო აქციას უეჭველად დაარბევენ. ამ დასკვნების გამოტანა რთული არ არის, როცა „იმედის“ 17.00 საინფორმაციო გამოშვებას ნახავ. აჩვენებენ, როგორ ხვდებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისრაელსა და ვაშინგტონში. მერე კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსთაველზე (სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობას) ხვალ გრანდიოზული სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

შემდეგ აჩვენეს სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „მეორე არხის“ ხელმძღვანელობასთან, რომელთაც მოიბოდიშეს, რომ „მეორე არხმა“ ოთხი დღის განმავლობში ამდენი საეთერო დრო დაუთმო საპროტესტო აქციის (რომელიც მოიხსენიებოდა როგორც „ბურჯანაძის აქცია“) პირადაპირ გაშუქებას.

ამის შემდეგ იყო ჩვეულებრივი ყოფითი სიუჟეტი, ქალაქის სამსახურები როგორ ასუფთავებდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ბურჯანაძის აქციისგან“ გათავისუფლებულ ტერიტორიას, რისთვისაც უსაზღვროდ იყვნენ გახარებულნი ახლომდებარე სახლებში მცხოვრებნი და რიგითი თბილისელები.

თუმცა ყველაზე მთავარი აჩვენეს თემის დასასრულ – საქართველოს შსს საიტიდან www.police.ge საიდუმლო ჩანაწერები, როგორ ურიგებენ ბურჯანაძის მომხრეები მომიტინგეებს – 10 ლარს იქ მოსვლისთვის, 50 ლარს – ვინც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისროდა, გაცილებით მეტს ჰპირდებიან, ვინც პოლიციის მანქანას ცეცხლს წაუკიდებს. საუბარი იმაზეც იყო, რომ ბურჯანაძის ხალხი საქართველოში საზღვარგარეთიდან იარაღის შემოტანასაც აპირებს.

მიტინგზე თავის გამოსვლაში ნინო ბურჯანაძე ამას ოპერატიულად გამოეხმაურა: „არ წამოეგოთ პროვოკაციაზე, ესენი იყვნენ საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები და არა – ჩვენი ხალხი. და კიდევ – არ დალიოთ შემოთავაზებული წყალი. ის შეიძლება ის მოწამლული იყოს“.