საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის პარტნიორებს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა.

„იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა დღეს. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, რომ ისინი აგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატო-რუსეთის საბჭოზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და თითოეული ქვეყნის უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი გზა“.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, „ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“.