აქტუალური
კელი დეგნანი: საქართველო ნატო-სა და აშშ-ის ღირებული პარტნიორია, ვაგრძელებთ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე და არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და აშშ-ის საელჩოს მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდის საუბრის შემდეგ, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შედგა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას, შეიძლება, ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან ნატო-ს ერთობის შესუსტებას

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შეიძლება ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან ნატო-ს ერთობის შესუსტებას. ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის მანძილზე. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, ნატო-მ შესთავაზა რუსეთს ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით საუბარი, რა მიზნისთვისაც ეს საბჭოა შექმნილი, მაგრამ რუსეთმა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე.

„თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განაცხადა, თუკი რაიმე გამოწვევა დგას ევროპული უსაფრთხოების წინ, ის რუსეთისგან მოდის და არა ნატო-სგან. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. რუსეთია ის, ვინც გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავდა და კლავს ხალხს მთელ ევროპაში. ეს რუსეთია, რომელიც აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და ტყუილს, ევროპაში დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის.

მიუხედავად რუსეთის მცდელობისა ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია. შეერთებულმა შტატებმა, ნატო-მ და ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს ჩვენი ერთობლივი ერთგულება დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის აუცილებელია რუსეთმა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, თუ გვინდა რომ დიპლომატია წარმატებული აღმოჩნდეს. ამ კვირის მაღალი დიპლომატიის თანმიმდევრულად ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ ამ უმთავრესი პრინციპებით: გადაწყვეტილებების მიღება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატო-ს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. ვერავის სხვას ვერ ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე, და ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის ძირითადმა პრინციპებმა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოუტანა საერთო მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

„ეს ის პრინციპებია, რომლებსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ. ყველა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით. საქართველო კარგად იცნობს რუსეთს თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან. საქართველო ნატო-სა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.