სამართალი
ვიქტორ დილიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ ემუქრება არანაირი უკუსვლა და შემოტრიალება

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად პულსზე გვეჭიროს ხელი, ვიყოთ კოორდინაციაში ჩვენ უკრაინელ და ნატოელ კოლეგებთან, მხარდაჭერა, რომელიც გამოჩნდა მიმდინარე კვირის განმავლობაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ერთ თვეში უკვე სამიტის პერიოდიც მოდის, ყველა უნდა მოემზადოს, რათა მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები კიდევ უფრი გაძლიერდეს.

„იქნება შეხვედრა გენერალურ მდივანთან, ასევე იქნება შეხვედრა ნატო-ს ძირითად ელჩებთან, აქ, ნატო-ს შტაბბინაში, პოლონეთის მისიაში იქნება შეხვედრა, სადაც ქვეყნები, როგორიც არის აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და სხვა ნატოელი მოკავშირეები, მათი ელჩები გააცნობენ მინისტრს ნატო-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე იქნება საუბარი ჩვენი მომავალი ნაბიჯების თაობაზე. იანვარი გვექნება ძალიან დატვირთული. 26 იანვარს ველოდებით პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ამ ამპლუაში.

ამ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრესიულად, მუქარებით მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ნატო აფიქსირებს, მათ შორის ჩვენთან ერთად შეხვედრაზე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ილუზიას წარმოადგენს, ის, რაც შესთავაზა რუსეთმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჩვენს ამერიკელ და ნატოელ მოკავშირეებს. არავინ აპირებს ამ დოკუმენტის განხილვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ ემუქრება არანაირი უკუსვლა და არანაირი შემოტრიალება.

რუსეთისგან ელოდებიან ყველაფერს, არავინ იცის რას მოიმოქმედებს ამგვარ აგრესიულ ფონზე. შეიძლება, რუსეთი არ ელოდებოდა ნატო-სგან ასეთ მტკიცე უარს, მაგრამ რუსეთის საპასუხოდაც მოკავშირეები მზად არიან და ამუშავებენ მომავალ სტრატეგიას, რომ არსებობდეს არა ერთი გეგმა, არამედ მეორე და მესამე, მათ შორის ეკონომიკური მწვავე სანქციების სახით“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, რასაც კრემლი აკეთებს შეიძლება, მისთვის უარესი იყოს და შეიძლება, დააჩქაროს მოვლენების განვითარება, რადგან ნატო არის ძალიან მტკიცე, ძალიან ერთიანი განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც ნატო-ს გაფართოებას ეხება.