აქტუალური
ბენ ჰოჯესი: რუსეთის მოთხოვნების საპასუხო ფურცელზე უნდა ეწეროს, გაიყვანეთ რუსი სამხედროები საქართველოდან, უკრაინიდან, დნესტრისპირეთიდან

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. მნიშვნელოვანია, რომ ნატო ერთიანია და ალიანსს ბზარი არ გასჩენია. ნატო-მ კატეგორიულად უარყო რუსეთის ყველა სულელური მოთხოვნა, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა მოკლე და კონკრეტული მოთხოვნები უნდა ჩამოაყალიბოს, რომლითაც რუსეთს მიმართავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო ერთიანია და ალიანსს ბზარი არ გასჩენია. ნატო-მ კატეგორიულად უარყო რუსეთის ყველა სულელური მოთხოვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ელოდება წერილობით პასუხს აშშ-იდან. პასუხი ერთ ფურცელზე დაეტევა. ამ ფურცელზე უნდა ეწეროს – გაიყვანეთ სამხედრო ძალები საქართველოდან, უკრაინიდან, დნესტრისპირეთიდან და შემდეგ შეგვიძლია, კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბროთ. სულ ეს არის“, – ამბობს ჰოჯესი.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში სავარაუდოდ თებერვლის ბოლოსაა მოსალოდნელი. ჰოჯესის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რისკის უმაღლეს ზღვარზე მოქმედებს.

„პესიმისტურად ვარ განწყობილი. ველოდები რუსეთის ახალ იერიშს, რომელიც პეკინში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე დაიწყება. ეს ალბათ იქნება შეზღუდული ამოცანების შესრულებაზე გათვლილი თავდასხმების სერია და არა ერთი დიდი მასშტაბური შეტევა. ასეთი წინათგრძნობა მაქვს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ახლა რისკის უმაღლეს ზღვარზე მოქმედებს. პუტინი ზედმეტად თავდაჯერებულიც კია, რადგან 2008 წლის შემდეგ აგრძელებს საქართველოს ნაწილების ოკუპაციას, რუსეთი რჩება დნესტრისპირეთში, მხარს უჭერს ასადის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში და კვლავაც ოკუპირებული აქვს ყირიმი, დონბასი და ამ ყველაფრის გამო სათანადო სასჯელი არ უგრძნია, რაც ქცევას შეაცვლევინებდა. კრემლის ამოცანაა, უკრაინა ვერასდროს გახდეს დასავლეთის შემადგენელი ნაწილი და არა მხოლოდ უკრაინა, ასევე ბელარუსი, ყაზახეთი, საქართველო“, – აცხადებს ამერიკელი გენერალი.

„საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა ასევე თქვა, რომ ისურვებდა, აშშ-მა და ზოგადად, დასავლეთმა შავი ზღვის რეგიონის განვითარების სტრატეგიული და ყოვლისმომცველი გეგმა შეიმუშაოს.

„ვისურვებდი, რომ დასავლეთმა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივა საკუთარ ხელში ჩაიგდოს და მაგალითად, დაუგეგმავი დიდი წვრთნები გამართოს საქართველოში მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი რესურსის შორს, სწრაფად გადასროლა და მხოლოდ უკრაინაზე არ ვართ ფოკუსირებული. ჩვენ მთელი რეგიონის უსაფრთხოება გვაღელვებს“, – განაცხადა ჰოჯესმა.