აქტუალური
ირაკლი ბერაია: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილია ალიანსის 30 სახელმწიფო, საქართველოს ესაუბრებოდნენ, როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტს

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ნატო-ში განხორციელება ხაზს უსვამს საპარლამენტო დღის წესრიგში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ პრიორიტეტულობას, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისი შეფასებით, ვიზიტს, ასევე უდიდესი დატვირთვა ჰქონდა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაუარესების და ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთსა და ნატო-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაწინაურების აუცილებლობაზე, ნატო-მადრიდის სამიტზე ჩვენს მოლოდინებზე, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისი განცხადებით, ნატო-ში ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაინახა მოკავშირეების ერთიანობა ურყევ მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აღინიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ფასდაუდებელი წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და წარმატებით დაიხურა 2021 წლის ნატო-საქართველოს წლიური სამოქმედო პროგრამა. ნატოელმა პარტნიორებმა შეაქეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების საპასუხოდ ოფიციალური თბილისის ნაბიჯები და რიტორიკა, რომელსაც უწოდეს გონივრული და წინდახედული და მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ პარტნიორებთან ინტენსიურ კონსულტაციებს და მჭიდრო კოორდინაციას, ამ რთულ პერიოდში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, მოკავშირეების განცხადებით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, არ და ვერ გადაიხედება.

სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა, თავად აირჩიონ უსაფრთხოების ალიანსები. დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა. ნატო არ ვაჭრობს პარტნიორების ინტერესებით და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ მათთან კონსულტაციების შედეგად. ალიანსის ეს პოზიცია, რამდენი დღის წინ კიდევ ერთხელ გააჟღერა გენერალურმა მდივანმა, სადაც ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა და განაცხადა, რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან კოორდინაციას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოს ჩართულობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბერაიას თქმით, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, იმ ოვალურ მაგიდასთან, სადაც წარმოდგენილია ალიანსის 30 სახელმწიფო, საქართველოს ესაუბრებოდნენ, როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტს და „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, როგორც ალიანსის პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერისგან, ისმენდნენ არსებული ვითარების შეფასებებს და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების თაობაზე მოსაზრებებს და რეკომენდაციებს“.

ეს არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხარისხის და მასშტაბების, ასევე, ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მკაფიო ინდიკატორი“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, მაღალი აქტიურობით დაიწყო და საკმაოდ დატვირთული იქნება 2022 წელი ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში.

დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ვიზიტი თბილისსა და ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის არაერთი სხდომა, საქართველოში გაიმართება ნატო-საქართველოს სწავლება, საქართველოს ტერიტორიული წყლებსა და პორტებში ალიანსის სამხედრო ხომალდების ვიზიტები. წლის მთავარი მოვლენა იქნება 2022 წლის ნატო-მადრიდის სამიტი, სადაც დამტკიცდება ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომლის შემუშავებაშიც აქტიურადაა ჩართული საქართველო“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ქართულ მხარეს აქვს მყარი მოლოდინი, რომ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება საქართველოს პროგრესი, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება და მისი იმპლემენტაციის ნაბიჯები.

ნატო-ში ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, არამედ ჩვენი მოსახლეობის ცივილიზაციური და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.