აქტუალური
კელი დეგნანი: დემოკრატიამ უნდა იმუშაოს მოქალაქეების კონფიდენციალობის დაცვაზე, ამიტომ არის ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად მნიშვნელოვანი

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზედამხედველობის ასეთი ინსტიტუტის არსებობა, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას შეხვდა.

კელი დეგნანის თქმით, კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს მოქალაქეების კონფიდენციალობის დაცვაზე, ამიტომ არის ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მინდა, მადლობა ვუთხრა ლონდა თოლორაიას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელ გუნდს იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რაც მათ გააკეთეს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამსახური, რომ ყოველდღიურად იყოს დაცული მათი უფლებები. ეს კონფიდენციალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამსახურს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები. ვიტყოდი, რომ ეს მნიშვნელოვანია მთავრობის პროფესიონალებისთვის, ასევე სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი საქმე მაღალი სტანდარტით აკეთონ, რომელსაც ამ ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე იცავს მათაც, იმ კუთხით, რომ ვინც არ იცავს ამ სტანდარტებს, დაექვემდებარება გამოძიებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზედამხედველობის ასეთი ინსტიტუტის არსებობა. ჩვენი ცხოვრების ბევრი ასპექტი დაუცველია მონაცემების უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით და კონფიდენციალობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტები პატივს სცემდნენ მოქალაქეების კონფიდენციალობის უფლებებს, რადგან ეს მიმართულება სულ უფრო დაუცველი ხდება. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს თავისი მოქალაქეების კონფიდენციალობის უფლებების დაცვაზე. სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდივიდუალური უფლებების დასაცავად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ძალიან ამაყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან პარტნიორობით და იმ მხარდაჭერით, რასაც ახორციელებს ამ სააგენტოს მიმართ.

ეს უზრუნველყოფს, რომ სააგენტოს ჰქონდეს ტრენინგები; შესაძლებლობა, შეასრულოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიუკერძოებლად და პროფესიონალურად. დემოკრატია დამოკიდებულია დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ხმებზე, ისეთი როგორის არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აყალიბებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს იმგვარად, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ადამიანის უფლებები და ისეთი სერვისები, რაც საჭიროა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

როგორც ვნახეთ, ეს მოითხოვს სიმამაცეს, გამძლეობას, პროფესიონალიზმის ისეთ დონეს, რომელიც არასდროს არ ეცემა დაბლა. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორისგან და მისი სამსახურისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის გასაძლიერებლად და მისი შესაძლებლობების განსავითარებლად, მათ შორის ისეთი სამსახურების მხარდაჭერას, რომლებიც თამაშობენ ზედამხედველობის მნიშვნელოვან როლს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ვნახეთ საკანონმდებლო ცვლილებების ამგვარი განხორციელება დისკუსიების გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის და მისი მოადგილეების გაშვებით იკარგება წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ჩემი ხედვით, ეს არასაჭირო დანაკარგია და სისტემას ასუსტებს. ჩვენ შეგვიძლია, მოვუწოდოთ პარლამენტს, აიღოს დრო, რომ მოძებნოს ნამდვილად კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები ახლად შექმნილი სააგენტოებისთვის. დიდი ინტერესით დავაკვირდებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ოფისი და ახალი ოფისები შეძლებენ შემოწმება-ბალანსირების, ზედამხედველობის როლის შესრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.