აქტუალური
დიმიტრი პესკოვი: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ლუკაშენკოსთვის დამატებითი სიგნალების გაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. კრემლი არ გაუგზავნის რაიმე სიგნალებს ალექსანდრე ლუკაშენკოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარების თაობაზე, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, როცა საჭიროდ ჩათვლის", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ლუკაშენკომ კარგად იცის ყირიმის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსთან დაკავშირებული „რეალური მდგომარეობა.“

დამატებითი სიგნალების აუცილებლობა არ არსებობს", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, არსებობს "დე იურე და დე ფაქტო სიტუაცია".

"არიან რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოები, რომლებთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არის რუსეთის რეგიონი ყირიმი, ის რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ლუკაშენკომ „კარგად იცის“.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როდის მოხდება აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება, განაცხადა: არის ამაში რაიმე აუცილებლობა? როგორც კი გავიგებ და [რუსეთის ფედერაციის] პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროება არსებობს...“.