აქტუალური
სალომე სამადაშვილი: ბრიუსელში, დახურულ კარს მიღმა დასცინიან „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2024 წელს განაცხადი უნდა შეიტანონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს, ფაქტობრივად, ღია ომი გამოუცხადა ჩვენს ქვეყანაში - ბრიუსელში, დახურულ კარს მიღმა, უბრალოდ დასცინიან „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2024 წელს განაცხადი უნდა შეიტანონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ისაუბრა „ლელოს“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გულაცრუებულია, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა, საკუთარი დემოკრატიის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ მიდგომა და პოლიტიკა რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს, რომ მომავალში, ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება ვეღარ მიიღოს.

ამასთან, როგორც „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, საქართველოს არანაირი პერსექტივა აღარ აქვს.

2005 წლიდან ბრიუსელში, მაქვს ურთიერთობა ყველა შესაბამის ინსტიტუტთან და არ მახსოვს ასეთი გულაცრუება საქართველოს მიმართ, რომელიც დღეს არსებობს ევროპულ ინსტიტუტებში, რადგან დღეს საქართველო არის ისეთ დაბალ ნიშნულზე, საკუთარი დემოკრატიის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, რომელზეც არ ყოფილა. ეს დასავლეთის შეფასება არის, რომელიც აისახა იმაში, რომ მაგალითად, ჩვენს ქვეყანას დახმარება შეუჩერდა, მაკროფინანსური დახმარება არ გამოეყო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის უნდა მიეღო. საუბარი არის იმის შესახებ, რომ რეალურად, საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის მომავალში დახმარების მიღება ევროკავშირისგან, რადგან ამ დახმარებას თან ახლავს მთელი რიგი პირობები. საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის მიშელის შეთანხმებიდან გასვლის დღიდან, ევროკავშირს, ფაქტობრივად, ღია ომი გამოუცხადა ჩვენს ქვეყანაში. მათ აქვთ შერჩეული თავდასხმის ტაქტიკა, - თავს ესხმიან დასავლეთს, როდესაც ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე, პოლიტიკურ ვითარებას. ისტორიულად, ასეთი ანტიდასავლური ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან შეფასებები არის ისეთი ადეკვატური, როგორიც უნდა იყოს.

ეს არის ის მმართველი გუნდი, რომელიც ზის და ელოდება რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება როგორ დამთავრდება, რომ გამარჯვებულის მხარეს დადგეს. „ქართული ოცნებისთვის“ არ არის დღის წესრიგში ამ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოება. მინდა გითხრათ, რომ ბრიუსელში უბრალოდ დასცინიან დახურულ კარს მიღმა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2024 წელს განაცხადი უნდა შეიტანონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც მიშელის შეთანხმება უკან მიუგდო ევროკავშირს. საერთოდ, ძალიან დაეცა ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების დონე, რევიზია მოხდა. დახმარებები, რომელიც უნდა გამოეყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, არის „ქართული ოცნების“ მიერ საფრთხის ქვეშ დაყენებული და ველოდები, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება, იმ უმძიმესი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ქვეყნაში ამ მიმართულებით გვაქვს. არანაირი პერსექტივა აღარ გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ის ხალხი, ვინც ლობირებდა ტრიო - უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიმართულებით, ისინი დღეს ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს ადგილი აღარ არის ამ მოცემულობით, რადგან ამ ქვეყანას აღარ აქვს რაიმე შედეგი, რომელიც ვინმეს მოტივაციას მისცემდა იმისთვის, რომ მეტი შესთავაზოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.