აქტუალური
ემანუელ მაკრონი: ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული შეტევა განახორციელოს მშვიდობასა და სტაბილურობაზე ევროპაში

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. გუშინდელი ღამის მოვლენები გარდამტეხი მომენტია ევროპისა და საფრანგეთის ისტორიაში, რასაც ექნება ხანგრძლივი, ღრმა შედეგები ჩვენს ცხოვრებაზე და კონტინენტის გეოპოლიტიკაზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთმა ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ყველაფერი გააკეთა კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს არ მოხდა და ამ საომარ აქტს დასავლეთი სისუსტის გარეშე და ერთიანობით უპასუხებს.

წუხელ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური სამხედრო შეტევა დაიწყო. ეს მიზანმიმართული არჩევანი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების ყველა ვალდებულებას, არის გაერო-წესდებისა და ევროპული და საერთაშორისო წესრიგის დამფუძნებელი პრინციპების დარღვევა. ამ გამოწვევაში საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას. მინდა, შევაქო უკრაინის პრეზიდენტის, ხელისუფლებისა და ხალხის გამბედაობა და მონდომება. მათი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაც არის. დიპლომატიურ გზაზე უარის თქმით, ომის არჩევით, პრეზიდენტი პუტინი არა მხოლოდ თავს დაესხა უკრაინას, მან ასევე გადაწყვიტა უკრაინის სუვერენიტეტის გათელვა. მან გადაწყვიტა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული შეტევა განახორციელოს მშვიდობასა და სტაბილურობაზე ჩვენს ევროპაში. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმავე დონეზე, როგორც აგრესია, რომელშიც ის არის დამნაშავე. როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ დონეზე, ასევე ენერგეტიკაზე სისუსტის გარეშე ვიმოქმედებთ. ჩვენ უყოყმანოდ დავუჭერთ მხარს უკრაინას და ვიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების სუვერენიტეტი და უსაფრთხოება“, – აღნიშნა მაკრონმა.