აქტუალური
მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს დავალებული აქვთ, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ყავს რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია, საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, მათ მართლაც ჰყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს. რამდენიმე დღეა, მიდის კამპანია, თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე მდარე ფეიკია. რეალურად რძის ნაწარმთან დაკავშირებით მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში, კერძო კომპანიების მიმართვა გაგზავნილი იყო 2020 წელს და პასუხი ამ მიმართვაზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა „რატომღაც“ ოთხი დღის წინ გამოაგზავნა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განცხადება გუშინ გააკეთა, როგორც მან აღნიშნა: უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი ხელისუფლების, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მსგავსი პრეცედენტი არ ფიქსირდება არც ერთ ქვეყანაში“.