აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: შავ ზღვას ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გვყავს ორი პარტნიორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში არიან

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. შავ ზღვას ნატო-სთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ გვყავს სამი წევრი სახელმწიფო თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ორი პარტნიორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში არიან. ასე რომ შავი ზღვის რეგიონს დიდი მნიშვნელობა აქვს ნატო-სთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შავი ზღვა და უკრაინის ნავსადგურები გამოიყენება მთელ მსოფლიოში მარცვლეულის და საკვების ექსპორტისთვის.

„უკრაინის პორტების ბლოკადა რუსეთის მიერ, პრობლემას ქმნის არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის, რადგან იწვევს საკვებზე ფასების ზრდასაც. ასე რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ბლოკადა დასრულდეს და უკრაინას თავისუფლად მიეცეს მსოფლიო ბაზრისთვის მარცვლეულის მიწოდების საშუალება, ხალხის გამოკვებისთვის და გლობალურად საკვებზე ფასების შემცირებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა არის საკითხი, რომელიც ეხება მთელს მსოფლიოს და ხალხის კეთილდღეობას. ნატო ყურადღებით აკვირდება ვითარებას შავ ზღვაში, ჩვენ ვმუშაობთ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, რომლებიც განთავსებულნი არიან რეგიონში, ჩვენ ვახორციელებთ საჰაერო მეთვალყურეობას. ეს ყოველივე ასევე ხაზს უსვამს ამ ომის დასასრულის მნიშვნელობას, რათა შავ ზღვაში ნორმალური, კომერციული მოძრაობა იყოს დაშვებული“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.