აქტუალური
მამუკა მდინარაძე: გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული, უხელმძღვანელებს თუ არა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციას

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული, უხელმძღვანელებს თუ არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება. მდინარაძის თქმით, ზოგიერთი საკითხი დასახურია.

კერძოდ, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს, საქართველოში შავი ხვრელებია, ასევე, მდინარაძის შეფასებით, ელჩის გაწვევის საკითხზეც პოზიცია შესაცვლელია.

საკითხი იმის თაობაზე, რომ ჩვენი მხრიდან ულტიმატუმები იყო წაყენებული, არასწორია, მაგრამ გარკვეული საკითხები მართლაც არის დასახური. ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული საკითხები გაირკვევა, ამ პოზიტიური მიმართულებით წავიდეთ და მაინც და მაინც შავ კატას ნუ მოძებნიან ბნელ ოთახში. შეხვედრაზე გაირკვა, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ერთ-ერთ ტელევიზიაში აქვს ჩართვა. შესაბამისად, მგონია, რომ ამ ჩართვის და სხვა კომუნიკაციების დროს ეს საკითხები ჩაიხურება, დამთავრდება და დამატებითი საფუძველი იქნება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საკითხები, რომლებიც მწვავედ დაისვა და სამწუხაროდ, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გახმოვანდა, ჩაიხურება, უკანა პლანზე გადაიწევს და ეს გახდება დამატებით საფუძველი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გაემგზავროს სამძიმრის გამოცხადებისთვის. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციაზეა დამოკიდებული ეს ვიზიტი, თუნდაც, ტექნიკური დეტალები, ფორმატი, ვინ, რამდენი წავა და ა.შ. მთავარია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები წავლენ უკრაინაში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა და საზოგადოებამ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, თითქოს, საქართველოში შავი ხვრელებია. რა თქმა უნდა, ამაზე პოზიციის ცვლილება უნდა იყოს.

ამ მდგომარეობაში უნდა დავრჩეთ და ასეთი ვიზიტი მაინც უნდა შედგეს? ომის პარტიის ლიდერები არიან მაღალ თანამდებობებზე და ეს არის თუ არა პრობლემა? – გარკვეული პოზიციები იქნება. სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი მეგობარი ქვეყანა ჩვენ მიმართ არის დიპლომატიური დემარშის პირობებში. საქართველოდან ჯერ ელჩი გაიწვიეს, შემდეგ მოხსნეს, ეს მაშინ, როცა საქართველო ამას არ იმსახურებდა. ამ პირობებში, თუ ეს პოზიციაც არ იქნება გადახედილი, ეს უხერხულობას ქმნის. მგონი, ელჩის საკითხზე გარკვეული პოზიციის ცვლილება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ამ საკითხებზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობიიდან დელეგაციის შემადგენლობაში ორი-სამი ადამიანი იქნება.

ამავდროულად, მდინარაძე აღნიშნავს, რომ მთავარია, საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის აფიქსირებდა და ასე გაგრძელდება.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ა.შ. უმრავლესობიდან ორი-სამი ადამიანი წავა. მთავარია, რომ საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის აფიქსირებდა და ამას გავაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვამხილეთ, ვინ ცდილობს ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად დელეგაციაში ვიყოთ, უკრაინას მხარდაჭერა და სამძიმარი გამოვუცხადოთ. უნდა დასრულდეს ის ბინძური სპეკულაციები, რასაც ჰქვია მოსახლეობისა და ხელისუფლების გამიჯვნა ერთმანეთისგან. ეს უნდა დასრულდეს, მათ შორის უნდა დასრულდეს მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ისეთი შეურაცხყოფები, რასაც საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს გაემგზავრება.