აქტუალური
საქართველოს ლიდერების პოზიცია გაუგებარია, ელჩს მანამდე არ დავაბრუნებთ, სანამ საქართველოს მხარდაჭერას არ ვიგრძნობთ - ზელენსკი

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ნამდვილად მოძმე ხალხები ვართ, მაგრამ არ მესმის თქვენი სახელმწიფოს ლიდერების პოზიცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ამიტომ მე ამას მტკივნეულად აღვიქვამ. არ მესმის, რის გამო არ დაწესდა სანქციები. მოვისმინე გზავნილი „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა“ – რა ეკონომიკა? მათ [რუსებმა] უკვე დაიკავეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, თითქმის მიაღწიეს თბილისს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლოა. მისი თქმით, საქართველო უკრაინის მეზობელი სახელმწიფოა და ქართველი ხალხი მხარს უჭერდა უკრაინელებს, პირველი რევოლუციიდან დაწყებული, მიმდინარე ომით დამთავრებული და სწევდა მოხალისეობრივ და ჰუმანიტარულ დახმარებას. გარდა ამისა, მისი თქმით, ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან და მხარდაჭერა თბილისის ქუჩებშიც გამოაცხადეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ყოველთვის პატივს სცემს საქართველოს არჩევანს, იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი.

დარწმუნებული ვარ, იქნებით ევროკავშირში, ან ნატო-ში, სადაც გინდათ, რომ წახვიდეთ, რადგან გაქვთ არჩევანი და უკრაინა ყოველთვის პატივს სცემს თქვენს არჩევანს. მე ამას დარწმუნებით ვამბობ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ თქვენს კითხვებზე პასუხი თქვენს სახელმწიფოშია“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აუცილებლად დააბრუნებს ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი იგრძნობს უკრაინის მხარდაჭერას მთავრობისგან“.

რუსეთთან ომი გვაქვს და საქართველოსთან კონფლიქტები ნამდვილად არ გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არასდროს იქნება. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ უკრაინის მხარდაჭერას თქვენი მთავრობისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.