უცხოეთი
დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ სამ უცხოელს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, სიკვდილით დასჯა შეუფარდა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.

გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები - 28 წლის ეიდენ ასლინი და 48 წლის შონ პინერი, ისევე როგორც მაროკოს მოქალაქე საუდუნ ბრაჰიმი უკრაინის არმიაში იბრძოდნენ. რუსმა ოკუპანტებმა ისინი მარიუპოლში აპრილში ტყვედ აიყვანეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა „ღრმად შეშფოთებულია“ პრორუსული სასამართლოს მიერ ბრიტანელი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გამო.

„ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ სამხედრო ტყვეები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იქნენ გამოყენებულნი. ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებს აქვთ საბრძოლო იმუნიტეტი და ისინი არ უნდა დაისაჯონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა.

ე.წ. სასამართლოს ვერდიქტი მკაცრად დაგმო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. მანვე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო სიკვდილმისჯილი მოქალაქეების დასახმარებლად გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეუძლიათ.

„ისინი სამხედრო ტყვეები არიან. ეს არის ყალბი განაჩენი, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა.

interpressnews.ge