უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მოვუწოდებთ საბერძნეთს, შეწყვიტოს ეგეოსის არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულების მილიტარიზაცია და იმოქმედოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბერძნეთს, შეწყვიტოს ეგეოსის არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულების მილიტარიზაცია და იმოქმედოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სამხედრო წვრთნების, „ეფეს 22“-ის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს ასეთი ნაბიჯები „არსად მიიყვანს.“

„თურქეთი არ დათმობს თავის უფლებებს ეგეოსის ზღვაზე და არ დააყოვნებს გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან. თურქეთი არ არღვევს არავის უფლებებსა და კანონებს, მაგრამ არც საკუთარი უფლებებისა და კანონების დარღვევას დაუშვებს“, – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა გააფრთხილა ათენი, თავი შეიკავოს „ოცნებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც სინანულს გამოიწვევს, ისევე როგორც საუკუნის წინ.“ სამხედრო წვრთნები, „ეფეს 22“, თურქეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვრთნები იყო, რომელშიც 37 ქვეყნიდან თითქმის 10 000-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.

1tv.ge