აქტუალური
კომპანია „კასს ლენდში“ აცხადებენ, რომ წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება, – ამის შესახებ წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს, რომელიც განსახვევებულია ინფრასტრუქტურით, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი.

240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში.

აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, ეს არის ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ პირველი ნაწილი. ახლა კი ვაანონსებ რამდენიმე მილიონიანი ლარის ინვესტიციას, რომელიც განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას და დამატებით აშენდება 200 ვილა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერის. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ წალკა ვაქციოთ მსოფლიო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად“, – განაცხადა კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა.

ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში​, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ისრაელელი ინვესტორები.

მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.