საზოგადოება
ევროკომისიის პრესმდივანი: საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დასკვნას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა, ერიკ მამერმა განაცხადა.

„პრესაში ვნახე, რომ კომისიამ თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გუშინ. ეს არის მცდარი ინფორმაცია. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. ჩატარდა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი ხედვა, თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხის შესახებ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება პარასკევს. კოლეგია ემზადება ამ დებატებისთვის, სამსახურები ასრულებენ დოკუმენტებს. ხუთშაბათს გაიმართება კაბინეტების დირექტორების შეხვედრა, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა ყველაფერი რიგზე კოლეგიის დღის წესრიგში პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ეს პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს არის სრულიად სტანდარტული პროცედურა, რომელიც მანამდეც გვქონდა“, – განაცხადა სპიკერმა.