პუბლიკაციები
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა“ - განცხადება

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გუშინდელ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა“.

პარტიიდან და ფრაქციიდან სამი დეპუტატის წასვლაზე 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი მიიჩნევენ, რომ „ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტების და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს“.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და საიტზე გამოქვეყნდა, მმართველი პარტიიდან წასულები ამბობენ, რომ ახლა, სასწორზე არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოსა და ხალხის ბედი დევს, ამიტომაც საზოგადოებას „ქართული პოლიტიკის კულისებში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას „თანდათანობით“ და „დოზირებულად“ მიაწვდიან.

კერძოდ, მათი მტკიცებით, „არიან დიდი ძალები“, რომელთაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა, „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა“ და მათი იმ ადამიანებით ჩანაცვლება სურთ, რომლებიც “უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-2012 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე“. დეპუტატებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ „დიდ ძალებზეა“ საუბარი, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი დასავლელ პარტნიორებზე მიანიშნებენ.

მათი თქმით, სწორედ ამისთვის, ერთგვარი „სათაგურის სახით“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემა შემოიტანეს და „საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო“.

„ოცნებიდან“ წასულების მტკიცებით, ამაში თავდაპირველად ბრიუსელიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ კი – „ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია ააწევინეს“.

მათივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიუცემლობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას მმართველი გუნდი „წინასწარ პროგნოზირებდა“ — ოპონენტები „მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს“.

მათი აზრით, იმის გამო, რომ ორი რევოლუციური სცენარიდან ერთი, მოკლევადიანი სცენარი – მყისიერი რევოლუცია ჩავარდა, მეორე – გრძელვადიანი სცენარი ამოქმედდა, რაც „ე.წ. რეფორმების თავს მოხვევის“ გზით ხელისუფლების ცვლილებასა და ქართული სასამართლოს მისაკუთრებას გულისხმობს.

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები ასევე ამტკიცებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენები ტერმინები – „დეოლიგარქიზაცია“ და დეპოლარიზაცია“ ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვებას ნიშნავს, რათა ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს“.

უსამშობლო და უღმერთო ადამიანები იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს… [და] ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ“.

„ოცნების“ სამი ყოფილი დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ „დიდ ძალებს“ საქართველო მხოლოდ საომრად სჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ“, მათი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს“.

ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენცია[ცა]ა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად“, – განაცხადეს დეპუტატებმა.

საგულისხმოა, რომ მანამდე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თუკი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნებოდა, იგი ყველაფერს „ფარდას“ ახდიდა.