პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია. რაც ამ კანონში წერია, არაფერ კავშირშია საქართველოსთან და საქართველოს პრობლემატიკასთან, – ამის შესახებ განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება არის რეალური პრობლემისთვის თავის არიდების მცდელობა.

საქართველოს შემთხვევაში პრობლემა სულ სხვაა და მას შეძლებული ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. ეს შეიძლება უკრაინის პოლიტიკასთან იყოს კავშირი, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. საქართველოს პრობლემა არის არა ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის ყოლა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურობასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ხვალ მე რომ მოვიდე, რამდენიმე წელში ჩემს ხელში მოექცევა სრული ძალაუფლება. ჩვენი პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით დღეს შეიქმნა, პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.