სამართალი
ნიკა მელია: „ოცნების“ სტანდარტით, ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი კარგი ტონი

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ სტანდარტით - ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი კარგი ტონი, წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის!“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

როგორც მელია განმარტავს, ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში საქართველოსავე ხელისუფლება ადანაშაულებს.

„თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო. იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები - ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი? ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა!

ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და „გუდიანი კაცით“ დაშინების პრინციპით მართავენ.

10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ სტანდარტით - ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი - კარგი ტონი.

დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!

ვინ სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ - წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველოდება!

ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში”,- აღნიშნავს მელია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მისივე კუთვნილ მედიასაშუალებებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია აქვთ წამოწყებული.