აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამხმარე ორი პარტია საქმით ყოველ ნაბიჯზე ანტიევროპულობას ადასტურებენ

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამხმარე ორი პარტია საპარლამენტო საქმიანობიდან გამიჯნულია - საქმით ყოველ ნაბიჯზე ანტიევროპულობას ადასტურებენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიები ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ პროცესი და „ეს კლიმატს აუარესებს“.

ოპოზიციაში სამი პარტიაა, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა, 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში, ხოლო სამი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია საპარლამენტო საქმიანობიდან გამიჯნულია. ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი. ეს სამწუხაროა, რადგან როდესაც სიტყვით ევროპულობაზე საუბრობენ, საქმით ყოველ ნაბიჯზე ანტიევროპულობას ადასტურებენ - თავისი ქცევით, პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით, ამას საზოგადოება ხედავს. სამწუხაროა, რადგან ეს კლიმატს აუარესებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, შესაბამისი კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანი ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგაა, ხოლო ევროკავშირთან დაკავშირებით ეკონომიკური უსაფართხოების საკითხი.

მნიშვნელოვანია ნატო-უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ნატო-წევრობის მზაობა აჩვენოს. ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველო მზადაა, ნატო-წევრი ქვეყანა იყოს, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-წევრების მხრიდან. ჩვენ მომავალში ამ გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ უსაფრთხოებასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, ამისკენაც ისწრაფვის ჩვენი ხელისუფლება და სწორედ ამიტომ გაკეთდა წევრობაზე განაცხადი. მართალია, მიდის რეკომენდაციებზე მუშაობა, მაგრამ ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც რომ ვესაუბრებით, ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებად არის თანხმობა, რომ საქართველოც იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მაგრამ პირობითობა, რომელიც სამივე ქვეყნის მიმართ იყო გამოყენებული, ევროპული საბჭოს პოზიცია იყო და მთავარი ახლა ამ პირობების დაკმაყოფილებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.