სამართალი
თავდაცვის სამინისტრო: სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ რუსეთის სპეცსამსახურებს თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები მიჰყიდა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები მიჰყიდა“.

ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.