პუბლიკაციები
ნანა დევდარიანი: ბურჯანაძე ისე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლებაში მოდის, რომ არ „ჩაიწილა“ არავინ!

devdarianiსაქინფორმის სტუმარია ყოფილი სახალხო დამცველი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, საკრებულოს ყოფილი მდივანი, ქალბატონი ნანა დევდარიანი.

–   ქალბატონო ნანა, 26 მაისს ხალხის უმოწყალოდ დარბევის შემდეგ არჩევნების თემა ისევ აქტუალური გახდა. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განახლდა. 2003 წელს, როდესაც ქართველი ხალხისთვის უბედურებადქცეული ეს ხელისუფლება მოვიდა, თქვენ ცესკოს თავმჯდომარე გახლდით. იქნებ გაიხსენოთ, რამდენად კანონიერად და სამართლიანად მოვიდა თავად ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში? ბევრ მათგანს დღეს ოპოზიციაში ვხედავთ. იყო კი ეს ის სამართლებრივი არჩევნები, რისთვისაც ხალხი ქუჩაში იდგა და მომავალი არჩევნებითაც იმავე შედეგს ხომ არ მივიღებთ?

–   არჩევნების თემა ერთგვარ საბაბად იქნა გამოყენებული. ყველამ იცის, რომ ეს იყო ყველაზე სუფთა არჩევნები, რაც კი 90-იანი წლებიდან ჩატარებულა.პარლამენტში, ფაქტობრივად, გავიდა ექვსი აქტიური მოქმედი პარტია. მრეწველებს ცოტა დააკლდათ, თორემ მეშვიდე ისინი გავიდოდნენ. რევოლუციონერები სახელისუფლებო ბლოკს ედავებოდნენ: „როგორ თუ 22% აიღო მაგან... ერთი ოჯახიც არ არის, ვინც მაგათ ხმას მისცემს...“ რაღაც საცოდავი 22% პროცენტი ჩაითვალა გაყალბებად? ოჯახები ან ნათესავები არ ჰყავდათ, თუ უპატრონო ბავშვთა სახლიდან იყვნენ მოსული?!. ეს მაშინ, როცა დღეს ოპოზიციაც კი აცხადებს –მმართველ პარტიას 30% „ჯიბეში რომ უდევს“, ეს ადმინისტრაციული რესურსიაო. ამას მცირე განსხვავებით მოსდევდა „აღორძინება“ და შემდეგ – „ნაციონალური მოძრაობა“; მერე მცირე სხვაობით – „ბურჯანაძე-დემოკრატები“, „ლეიბორისტები“ და „ახალი მემარჯვენეები“.

მოდი, ვთქვათ, რომ 95 წლიდან ახალგაზრდა ჟვანიამ (შევარდნაძეს ხომ არ წაჰყვებოდა „პენსიაზე“) უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში შევარდნაძის წასვლის შემდეგ; თან არა როგორც რიგირთი, არამედ – წარმმართველი ძალა. ამისთვის მათ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. მახსოვს, ბურჯანაძე გაბრაზებულიც კი იყო – ამხელა პარლამენტის თავმჯდომარე ქალი 15 მანდატით როგორ შევიდე პარლამენტშიო. ეს ერთი პარტიის – „ბურჯანაძე-დემოკრატების“ – 15 მანდატი იყო. აქ არ ითვლება ის მაჟორიტარები, რომლებიც გაიყვანეს.

გავაგრძელოთ თემა. დავუშვათ, გაყალბდა არჩევნები. ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, სანამ 22-ში შეიჭრებოდნენ, ჟვანია-ბურჯანაძემ გააკეთა განცხადება: „ჩვენ პროტესტის ნიშნად პარლამენტში არ შევალთ!“ შეეგუენ იმას, რომ ვერ გავიდნენ პარლამენტში. ვერ გავიდნენ იმიტომ, რომ მე არ მივეცი იმ ყალბი პირადობის მოწმობების, კარუსელების გამოყენების საშუალება.  

–   იყო ამის მცდელობა?

–   როგორ არა. ეს დაფიქსირებული იყო. ანუ ეს თამაში, რითაც აქამდე იგებდნენ – არ გამოუვიდათ. სააკაშვილი და მისი ქარიზმა რომ არა, პროცესი ასე არ წავიდოდა. ჟვანია მიხვდა, რომ თუ სააკაშვილის თამაშს არ აჰყვებოდა, საერთოდ თამაშგარეთ რჩებოდა... 22-ში შეჭრის შემდეგ წამოვედი.  

ვფიქრობ, რომ სასამართლოში სარჩელი შეტანილია. ეს ის პერიოდია, როდესაც არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ამათაც, „სამართლიანმა არჩევნებმაც“, „ახალგაზრდა იურისტებმაც“ და პარტიებმაც, რომ უბნებზე შედეგები გააუქმონ. მეც წყნარად ველოდები სასამართლო პროცესს. წესით, როცა დამიძახებენ და მთელ ამ დოკუმენტებს მივიტან, ყველაფერი ნათელი გახდება.

რამდენიმე დღეში (მესამე-მეოთხე დღეს) ტელევიზიით აშუქებენ სასამართლო სხდომის მიმდინარეობას. ველი მოპასუხის გამოჩენას ცესკოსგან. ვხედავ ცესკოს რიგით იურისტ ელზა გულიაშვილს, რომელსაც მოსამართლე ცესკოს სახელით საუბრის იურიდიულ რწმუნებას ამ საკითხის გამოტანაზე არც კი სთხოვს. არც მე, არც იურიდიული დეპარტამენტის უფროსს დაუძახეს. ელზა გულიაშვილი აღიარებს, რომ „დიახ, ჩვენ (გულისხმობდა ცესკოს) გავაყალბეთ არჩევნები“... ამის შემდეგ ელზა გულიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში ინიშნება მაღალ თანამდებობაზე მაღალი ანაზღაურებით.  

–   ჭიაბერაშვილიც, რომელიც „სამართლიან არჩევნებს“ ხელმძღვანელობდა, ამის შემდეგ არ დაინიშნა ქალაქის მერად და ნოდია და იაკობაშვილიც არჩევნების გამო არ დაჯილდოვდნენ თანამდებობებით? თუმცა იმ პერიოდში ამის თაობაზე თქვენი არც სტატია ყოფილა სადმე და არც პროტესტი...

–   იმის შემდეგ, როცა სხვებსაც დიად თავი არ მოუკლავთ სიმართლის დადგენისთვის, ვიფიქრე, რომ თუ ამ ხალხს უნდა, ასე რომ იყოს, მე რამდენიც უნდა ვილაპარაკო, მაინც ასე იქნება. ადრე იქნებოდა თუ გვიან, თვალი ხომ აეხილებოდათ? თვალიც ზოგს ადრე აეხილა და ზოგსაც – ძალიან გვიან. მეც ხელები ჩამოვუშვი და გავჩერდი, მითუფრო, კითხვითაც არავის არაფერი უკითხავს.  

დიტო ჩუბინიძემ პირველად შარშანწინ დამირეკა და როცა მოვუყევი, – „ქალბატონო ნანა, ამდენ ხანს რატომ არ ამბობდით არაფერს?..“ – „დამირეკე, მკითხე და არ გითხარი-მეთქი?..“

მაშინ ყველაფერს აგრესიულად იღებდნენ. ეს ახლა მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.

რა მოხდა სინამდვილეში: ერთ კონვერტში ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე უბანზე სამი ბიულეტენი იდო. ერთი იყო რეფერენდუმის, მეორე – პროპორციულის, მესამე – მაჟორიტარულის. უცებ აღმოჩნდა, რომ ორი მესამედი – მაჟორიტარული და რეფერენდუმი, სამაგალითოდ სამართლიანად ჩატარდა; მაინცადამაინც მესამე (რაც ამათ „არ აწყობდათ“), პროპორციული გაყალბდა.ზურაბ ჟვანიას გაცილებით მეტი მაჟორიტარი ჰყავდა მაშინ, ვიდრე სააკაშვილს და მაჟორიტარის გაუქმების მოთხოვნაც იმიტომ გაიტანეს. სააკაშვილთან, ოთხი-ხუთი კაცის გარდა, ყველა უცნობი პიროვნება იყო; ჟვანიასთან კი იყვნენ მაჭავარიანი, ბარამიძე, ბურჯანაძე და დიდუბისა და სამგორის ბევრი ცნობადი სახე.

–   დღეს ყველანი სააკაშვილის გუნდში არ არიან გადასული?

–   ჟვანია მიხვდა, რომ თუ მაჟორიტარების მონაცემებს გააუქმებდნენ, პარლამენტი დასაყრდენის გარეშე რჩებოდა. რა ძალა აქვს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ორი კაციც არ ჰყავს დასაყრდენი პარლამენტში?!. აი, ამიტომ არ გააუქმეს მაჟორიტარები. ტყუილია, რომ მაჟორიტარები მხოლოდ ხელისუფლებისაა. დღესაც, ამ ტერორის პირობებშიც კი, არიან მაჟორიტარები, ვინც ამ ხელისუფლებას არ ემორჩილება.

ახლა რაც შეეხება სიებს: მე სულ ორ თვეს ვიყავი საარჩევნო კომისიაში. რაც მოესწრო ამ ორი თვის განმავლობაში, არ გაკეთებულა ამდენი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად დაზუსტდა სია. ყველა „მკვდარი სული“, „მიწერილი“ გამოირიცხა. სხვადასხვა პარტიის წევრებს ვუშვებდი, ერთმანეთისთვის მონაცემების გაყალბების საშუალება რომ არ მიეცათ. დაზუსტდა ეს სიები. მივიტანეთ დიდუბეში – კომპიუტერული ცენტრში. დაგვიბრუნდა „გასწორებული სიები“ იმავე მონაცემებით. ვინაიდან ვერ ხერხდებოდა სიების ელექტრონულად გასწორება (1803 წელს დაბადებულებს ვხედავდით სიებში), იძულებული გავხდი, ჩემს თავზე ამეღო ხელნაწერი სიებით არჩევნების ჩატარება. ამ სცენას შეესწრო მაია ნადირაძეც. ისე დატოვა იქაურობა, ხმა არ ამოუღია. ვფიქრობდი, ესენი მაინც ატეხავენ ერთ ამბავს-მეთქი. რა ხმას ამოიღებდა, თავად აკეთებდნენ ამას.

თუ გახსოვთ, „სრულიად შემთხვევით“, სიების ელექტრონულ ვერსიაზე გამოცხადებული ტენდერი მაინცდამაინც ეროსი კიწმარიშვილის კომპანიამ მოიგო. ეს „USID“-ისგან გრანტით დაფინანსებული კომპანია „IFS“ იყო; სადაც კი შევიდა არჩევნებისას, ყველგან არეულ-დარეულად ჩატარდა.

–   ეს „IFS“ ნაწობს დღევანდელ საარჩევნო მოლაპარაკებაში?

–   მოდერატორი დღესაც ეს ამერიკული კომპანიაა და არანაირად ვართ დაზღვეული. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში თუკი ვინმეს მინიმალური შანსი ჰქონდა, ყველა გაიქცა. 2003 წელს 3200 000 ამომრჩეველი იყო, ახლა არის 3 700 000. „ვიბარტყეთ“ და ვერ გაგვიგია... ეს სიები თუ არ მოწესრიგდა, ყველა პარტიას თავისი წარმომადგენელი თუ არ ეყოლა... ახლა რომ რაღაც სერტიფიცირებულ მოხელეებზე ჰყვებიან?! სერტიფიკატს აძლევენ თავიანთ ხალხს, მათ, ვინც უნდათ, რომ გაიყვანონ. ასეთ ვითარებაში გაყალბებისგან რა დაზღვევაზე შეიძლება ლაპარაკი?

– ისევ სიების კომპიუტერულ ვერსიას დავუბრუნდეთ. გვესმოდა მოწოდებები ხელისუფლების მხრიდან სიების გაყალბების თაობაზე. სიები კი ამათი გაყალბებული გამოდგა.

– დაშლილი პარლამენტი სასწრაფოდ რომ შეკრიბა ბურჯანაძემ ცვლილებების შესატანად და ისევ პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, სწორედ იქით მივდივარ.

–   კანონით ჰქონდა ამის უფლება?

–   არა. დაშლილი იყო პარლამენტი და არც მას ჰქონდა პარლამენტის შეკრების უფლება.

–   მაშინ პრეზიდენტის სავარძლის დაკავების უფლებაც არ უნდა ჰქონოდა...

–   რასაკვირველია, არ ჰქონდა. ვინც იურიდიულ ნორმებში ჩახედულია, მიხვდება. ადამიანი რომ იკარგება, შვიდი წელი უნდა გავიდეს, სასამართლომ დაკარგულად რომ სცნოს, უგზოუკვლოდ დაკარგულად. კაცი დაცვამ გაიყვანა შენობიდან და ნახევარ საათში აცხადებ – მისი გზაკვალი უცნობია და ამიტომ მე ვარ პრეზიდენტიო, როცა პარლამენტის თავმჯდომარეც აღარ ხარ. არ არის ეს სახელმწიფო გადატრიალება? უბრალოდ, იარაღი, რომელიც იყო, არ იქნა გამოყენებული.

–   გამოდის, მმართველი ჯგუფი, რომელიც თავად სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა, დღეს თავისი გამოცდილებით არავის აძლევს იმავეს განხორციელების შესაძლებლობას. „რუსთავი 2“-ის როლიც ამ ყველაფერში გვახსოვს...

–   მე ექვსი პარტია შემთხვევით არ ვახსენე. ეს იყო გენიალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს დააკარგვინეს. შევარდნაძეს რჩებოდა წელიწად-ნახევარი. ის კაცი ყველა შემთხვევაში წამსვლელი იყო. ის წელიწად-ნახევარი ექვს წამყვან პარტიას მრგვალი მაგიდის ირგვლივ დასხდომისა და მოლაპარაკების შესაძლებლობას აძლევდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო შევარდნაძის წასვლის შემდეგ. თუმცა ეს ექვსი პარტია არც ქვეყნის გარეთ უნდოდათ; მათ ერჩივნათ, საქმე ერთთან დაეჭირათ, რათა

იძულებულნი არ ყოფილიყვნენ, სხვასთან მოლაპარაკებებზე წასულიყვნენ და სხვისი აზრიც გაეთვალისწინებინათ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ადამიანები, ვინც ხალხს არასდროს არაფერში გაუწევდა ანგარიშს. ეს ამისთვის გაკეთდა.

– თქვენი შეფასებით, პოლიტიკოსებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ გადატრიალებაში, ისევ უნდა ენდოს ხალხი?

– სანამ სააკაშვილი ინტელიგენციას „ჩარეცხავდა“, ეს ამათ ამ რევოლუციით გააკეთეს. ვიღაც იყო კორუმპირებული, ვიღაც – არა. ჩემზე თუ ვერა, იმავე ირაკლი ბათიაშვილზე ვერავინ იტყვის, რომ ანგარებიანია. კონკურენციის მოსპობის მიზნით, პოლიტიკურ ძალებს შორის ყველა ასეთი ადამიანი „რევოლუციამ“ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორა. ამათ გაატარეს ძალიან მარტივი ფორმულა: „ამ უბანში ქურდიც მე ვარ და პროკურორიც“ და ყველაფერი ჩემიაო.

–   ცეზარ ჩოჩელი, ნაციონალების წევრი ბიზნესმენი, ფაქტობრივად, თავის რეგიონში ფარაონია. სწორად გამიგეთ, დასაცინად არ ვამბობ, მის შვილს რამზესი ჰქვია. რამზესის მამა – ცეზარი, ყველაფერს დაეპატრონა. გლეხებს საკუთარი ძროხის დაკვლისა და გაყიდვის წილში უზის. ნატახტარის წყალსაც ცისკარას დევივით დაეპატრონა. ალბათ, თავი მართლა ფარაონი ჰგონია. ამას ჰქვია, რომ კორუფცია არ არის?

–   სხვათაშორის, თავხელიძისნაირი, ნასარიძისნაირი და ამირეჯიბისნაირი ადამიანი ურცხვად გეტყვის – აბა, სად არის კორუფცია, ყველაფერი ხომ კანონიერადაა გაფორმებულიო? ანტიმონოპოლისტური სამსახური აღარ არსებობს და ცეზარ ჩოჩელსა და „სხვა ფარაონებს“ აღარაფერი უშლით ხელს, რაც უნდათ, ის რომ აკეთონ.

–   დაგვამშვიდეს ტელევიზიით, რომ ჩვენ ესპანური კიტრის ენტეროინფექცია არ გვემუქრება, რადგან ჩვენთან ბოსტნეული თურქეთიდან და ირანიდან შემოდისო. ამით არ აღიარეს, რომ საქართველოში „სოფლის მეურნეობა მკვდარია“?

–   მეც მაქვს პატარა მეურნეობა. შენს ადგილზე შენივე დარგული ბოსტნეულის მოყვანა უფრო ძვირი გიჯდება, ვიდრე თურქულისა და ირანულის შემოტანა. კონკურენცია როგორ უნდა გაუწიო? თუ სხვა შემოსავალი არ გაქვს, სოფელში თავს შენი შრომით ვერ ირჩენ.

–   „სახალხო კრების“ თემის მწვავე საკითხს უნდა შევეხო, რომლის საპროტესტო აქცია დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლებამ „ცოდვის კალოდ“ და გლოვის დღედ აქცია.

–   ეს უბედურება არა „კრებამ“, არამედ ხალხისადმი ხელისუფლების საზიზღარმა დამოკიდებულებამ და ბურჯანაძის პოლიტიკურმა უპასუხისმგებლობამ გამოიწვია. არასდროს არაფერს დავაბრალებ ნონა გაფრინდაშვილს, რეზო ესაძეს, გოგი ქავთარაძეს, დიმა ჯაიანსა და სხვა სახეებს. ისინი სამოქალაქო აქტივისტები არიან. თუ აცხადებ, რომ პოლიტიკური ლიდერი ხარ, აქცია თუ ვერ მართე, ქვეყანა როგორ უნდა მართო?

–   ბურჯანაძემ ხალხს დაანახვა, რომ ის ბოლომდე წამსვლელია. უკან არ დაიხევს, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ სპეცრაზმსა და გაზს ადამიანები ვერ დაუდგებოდნენ. ცემა არავის შეიძლება, მაგრამ თუ უბრალო ადამიანის გალახვა და დაჭერა, მოკვლაც კი შესაძლებელია, ბურჯანაძეების კლანი ასეთი რა ხელშეუხებლობით სარგებლობს?

–   სააკაშვილიც და ბურჯანაძეც თვლიან, რომ თუ ერთხელ ვიღაცას რაიმე დაუთმეს, ვიღაცის ხელი მოხვდათ, დამარცხებული პოლიტიკოსები არაინ. იმიტომ არ თმობს სააკაშვილი არაფერს. უკანდახევა ხანდახან გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ჯიქურ მიწოლა. ასე აზროვნებს ბურჯანაძეც. ჩემი ინფორმაციით, ის პარტიები, რომლებიც „კრებასთან“ შეერთებას ცდილობდნენ, მან არ მიიკარა. ისე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლებაში მოდის, რომ არ „ჩაიწილა“ არავინ, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობები. პოლიტიკოსებს ეუბნები – თქვენ არ მოხვიდეთო და მათ მხარდამჭერებს ეძახი? ამიტომაც არ მივიდა ხალხი.

–   ბურჯანაძე „კრებასთან“ მიმართებაში განხორციელებულ არასასურველ ქმედებებზე წინასწარ აკისრებდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობას. 7 ნოემბრის დარბევაზე არც ხელისუფლებას და არც მაშინდელ წევრ ბურჯანაძეს დღემდე პასუხისმგებლობა არ აუღია...

–   ოპოზიციისადმი ხალხის უნდობლობა ახსენეთ. ბევრიც რევოლუციონერთა რიგებში თავად იდგა. პასუხისმგებლობა ვიღაცის დაჭერა არ არის. „რვიანის“ ერთ-ერთი წევრის განცხადებაც – თუ დასაჭერია, პირველ რიგში, ბურჯანაძეა დასაჭერიო, რა განცხადებებია ეს? შენს დაძახილზე ხალხი რომ არ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე დაგაკისრეს რაღაც პასუხისმგებლობა?! არ მოვიდა იმიტომ, რომ გუშინ, გუშინწინ ტყუოდი და ახლაც არ ინანიებ. ისე, ბურჯანაძემ „მაესტროს“ ეთერში აღიარა – მე უნდა ვზღაო. ალბათ, მიხვდა. თუმცა ერთია მიხვედრა და მეორე – რას მოაყოლებ მოქმედების სახით. ქართველი ხალხი ზომაზე მეტად ლმობიერია წრფელი სინანულის დანახვისას. კარგად მახსოვს ბურჯანაძის სახის გამომეტყველება, როდესაც სხვას ჰქონდა პრობლება და მაშინ, როდესაც მისი შვილი დაიჭირეს. სხვაზეც ასეთივე წრფელი რეაქცია რომ ექნება, ხალხი მაშინ წაჰყვება. ჯერ კიდევ აქვს საამისო შანსი და დრო.

–   ბევრი დაჭერილი, დასახიჩრებული და მოკლულია. დაპირებები ხალხის დაცვის თაობაზე ტყუილი იყო?

–   არა, ეს შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება იყო. ეგონა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ქარიზმა, უცხოეთის კონტაქტები იმოქმედებდა, მოერიდებოდნენ. დადგა ფაქტის წინაშე – მას ისევე არ მოერიდნენ, როგორც ყველა ჩვენგანს. ესეც დარტყმა იყო მისთვის. მის გონებაში ეს არ თავსდებოდა. „გრეჩიხას“ შეიძლება სცემო, მაგრამ ბურჯანაძეს – არა. ეს გარდამტეხი მომენტი იყო.

–   ხალხში იყო შეგრძნება, რომ ნოემბრის შემდეგ მიშა მსგავსს ვერ გაბედავდა? თუ სისხლს დაღვრიდა, წავიდოდა. დაღვარა კიდეც და არსადაც წასულა...

–   პოლიტიკოსების უმეტესობას შეცდომა მოსდის. აზროვნებენ ანალოგიებით. 9 აპრილს   მრავალპარტიული არჩევნები მოჰყვა. კომუნისტებმა დათმეს. ბურჯანაძემაც, ალბათ, ასე გათვალა. სისხლის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზე გადავიდოდა. ჰეგელს აქვს ნათქვამი: „ისტორია ორჯერ მეორდება; ერთხელ – როგორც ტრაგედია, მეორედ კი – როგორც ფარსი“. ფარსს ვუწოდებ არა 9 აპრილზე უარეს ხალხის ტრაგედიას, არამედ იმ პოლიტიკურ გამოსავალს, რაც იქ დადგა. თუ ვხედავ, რომ არასწორად იქცევი, არ მოვალ და შენ გამო მეც არასწორად არ მოვიქცევი. არ გენიშნათ? 26 მაისის ღამეს სასტიკად სცემეს „ნაცმოძრაობის პროგრამისა და წესდების ავტორ“ იგორ პატარიძეს.

–   7 ნოემბერს სოზარ სუბარსაც და ჯორბენაძესაც სცემეს... ანუ ყოფილ მხარდამჭერებს დაერივნენ?

–   რა ჰქნას ამ მამაზეციერმა? ცალ-ცალკე ხომ არ მოუკაკუნებს ფანჯარაზე ყველას... ვიღაც მიხვდა, რომ საზღაური უნდა ზღოს, ვიღაც – მერე მიხვდება.

–   როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი განვითარების პერსპექტივა. ოცი წელია, დამოუკიდებლობის ბრძოლის დროშით ნელ-ნელა ვწყდებით...

–   ერთმა უბრალო მრევლმა ჩემს გულისტკივილზე მშვიდად მიპასუხა – ნუ იღელვებთ, ეგენი არაბუნებრივად ცხოვრობენ და თავისთავად გადაშენდებიანო. მრევლში ახალგაზრდა გოგოებს ხუთი, ექვსი, შვიდი შვილი ჰყავთ. გადარჩება სააქართველო!!! ამით დავასრულებ.

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“