საზოგადოება
რუსეთის მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრამდე მოსასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედით გამოიარეს

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ლარსის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტთან კვლავ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. მათი ინფორმაციით, რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედებით გამოიარეს, რათა საქართველოს საზღვრამდე მოსულიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მოწყობილია ჰუმანიტარული პუნქტი, სადაც რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს საკვებს, წყალს და პირველადი საჭიროების ნივთებს უფასოდ აძლევენ. რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აღნიშნული პუნქტი თავად „საქართველოში მცხოვრები რუსების მოწყობილია“.

„ყველას ვისაც სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, უფასოდ ვაძლევთ წყალს, ცხელ სასმელებს, საკვებს, პირველადი საჭიროების ნივთებს და ა.შ. საქართველოს საზღვარზე რუსეთის ბევრი მოქალაქე გადმოდის. ათასობით ადამიანი ახლა, ჯერ კიდევ ნეიტრალურ ზონაში დგას. უმეტესი მათგანი სწორედ, რომ რუსეთიდან გამორბის. მე თვითონ ოთხი დღის წინ გადმოვკვეთე საზღვარი და ახლა აქ მოხალისეებს ვეხმარები. ოთხი დღის განმავლობაში აქ დავეხეტებოდი, ადამიანები მეხმარებოდნენ საკვებით, ცოტა ფულით, რადგან მე თვითონ ყველა ნივთი ავტობუსში დავტოვე და ე.წ. ავტოსტოპით ჩამოვედი აქამდე, რადგან უფრო სწრაფად გადმომეკვეთა საზღვარი. ახლა ველოდები ავტობუსს, რომელიც ჯერ კიდევ რიგში დგას. რაც შეეხება მოხალისეებს, ესენი არიანი საქართველოში მცხოვრები რუსები. ჰუმანიტარული აქცია დღეს დილიდან დავიწყეთ.

ხმები ვრცელდება, რომ საზღვართან უნდა გაიხსნას კომისარიატი, მაგრამ მე საზღვრის გადმოკვეთისას იქ არაფერი დამინახავს. ბევრი ინფორმაცია მოდის იმის შესახებ, რომ საზღვარზე შესაძლოა, გაწვევის ბარათი გადმოგვცენ. ამით გვაშინებენ, თუმცა სინამდვილეში ასეთი ჯერჯერობით არაფერი მომხდარა.

საზღვარი თავისუფლად გადმოვკვეთე, მესაზღვრეები ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, მაგრამ თვითონ ვლადიკავკაზის მიმდებარედ, სამართალდამცავებმა დისკომფორტი შეგვიქმნეს, ნერვები შეგვირყიეს. მამაკაცებს ავტობუსებიდან ყრიდნენ, გვაწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას, რომ საზღვარი უკვე დაკეტილია, რომ ჩვენ საქართველოში ტყუილად მივდიოდით და უკან მივბრუნებულიყავით.

ველოსიპედები ვიყიდეთ და ამით ჩამოვედით. გვირაბიდან საზღვრამდე 18 საათი ფეხზე ვიდექით. სულ 800 მეტრი გამოვიარეთ 18 საათში. რუსეთი იქიდან ძალიან სწრაფად გვატარებს საზღვარზე, საქართველო კი, პირიქით ნელა გვიღებს. საზღვარი იმხელაა, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთია. ყველას ეშინია, რომ რუსეთი საზღვარს რეფერენდუმის შემდეგ ჩაკეტავს, ვგულისხმობ რეფერენდუმს, რომელსაც ახლა ატარებენ. მე ვიცი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რუსეთიდან საქართველოში შემოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც კითხვაზე, რატომ არ აპროტესტებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს, პასუხობს: „თქვენი აზრით, ციხეში პროტესტის ორგანიზება შესაძლებელია? დიახ, ჩვენ ციხეში ვცხოვრობთ“.