საზოგადოება
ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტია და პუტინთან ერთად დასრულდება, ვიზიტი ან მისგან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ლუკაშენკოს ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს, – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.

მისივე თქმით, ლუკაშენკო ტერორისტია და პუტინთან ერთად დასრულდება.

„ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა ეს არის შეხსენება საქართველოში რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის, რომ დაშოშმინებულ ბოროტებას ყოველთვის უკუშედეგი აქვს. ლუკაშენკო დასრულდება პუტინთან ერთად“, – წერს ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“.

როგორც ცნობილია, 28 სქტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.