პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება: უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

„რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.